საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, წლის დასკვნითი ამხანაგური მატჩისთვის თბილისში ემზადება.

15 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდი გორში  უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგურ მატჩამდე ჩვენი გუნდი თბილისში ვარჯიშობს. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს ნაკრებმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრას ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს, ოჯახური მდგომარეობის გამო გუნდთან ერთად არ იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.

14 ნოემბერს 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება. ფრანგი სპეციალისტი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სასტუმრო შერატონში უპასუხებს. პრესკონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ საქართველო – უზბეკეთის შეხვედრაზე აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს.

უზბეკეთის წინააღდეგ გასამართ მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს 15:00 საათზე ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტის დავით ვოლკოვის კომენტარი შვედეთთან მატჩისა და ბოლო ამხანაგური მატჩის შესახებ:

💬​დავით ვოლკოვი: ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარული. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ.

💬დავით ხოჭოლავა: განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

​საქართველოს და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

Gff.ge