ეროვნული ნაკრები სრულ მზადყოფნაშია

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. 8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ ბათუმი არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მომავალი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

​საბერძნეთთან თამაშს წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე გამოტოვებენ.

ბათუმი არენაზე საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ეროვნული გუნდის წევრმა ოთარ კაკაბაძემ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი: “ხვალინდელ შეხვედრაში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ და ვთვლი, რომ სამ ქულას პირველ მატჩშიც ვიმსახურებდით.”

💬ვილი სანიოლი: მძიმე ტრაგედია მოხდა ბათუმში. მსურს ვუთანაგრძნო ყველა ქართველს, ძალიან შეწუხებული ვარ მომხდარი ფაქტი გამო.

საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, ისინი 2004 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ. რა თქმა უნდა, მათი რამდენიმე მოთამაშე დიდ კლუბებში თამაშობს. თუმცა ჩვენ მარტში დავამტკიცეთ, რომ როდესაც სრული კონცენტრაციით და დისციპლინით ვთამაშობთ ასეთი დონის გუნდებთან კარგი შედეგის ჩვენება შეგვიძლია. ხვალ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ისეთი მატჩს ველოდები, როგორც ეს სალონიკში იყო. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად უკეთესი შედეგის ჩვენებას შევძლებთ. ხვალინდელ შეხვედრაში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ და ვთვლი, რომ სამ ქულას პირველ მატჩშიც ვიმსახურებდით.

ოქტომბრის შეკრებაზე გამართული ვარჯიშებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი გაცილებით უკეთეს ფორმაში იმყოფება ვიდრე ეს სექტემბერში იყო. ამიტომ, ვთვლი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამართული 100 მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც ჯაბა კანკავასთვის ასევე მთლიანი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან იმისთვის, რომ ჯაბასთვის ასეთი განსაკუთრებული დღე მის კარიერაში ერთ-ერთი დაუვიწყარ მოგონებად აქციონ. ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის, დიდი პატივია, რომ ასეთ დროს მის გვერდით ვარ. როგორც უკვე აღვნიშნე, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ჯაბას დაუვიწყარ მეასე მატჩს ვაჩუქებთ.

ჯერ არ გადაგვიწყვეტია ვინ დაიწყებს საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩს ძირითად შემადგენლობაში. კარგად მესმის გულშემატკივართა მოლოდინი, რომელთაც ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას ერთად ხილვა სურთ მოედანზე. ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტალანტია. ტრავმების გამო მისი კარიერა ცოტათი შეჩერდა, მაგრამ ახლა ყველა გახარებული ვართ. რომ ის სათამაშო ფორმას იბრუნებს. ზუსტად არ ვიცით შეძლებს თუ არა გიორგი ორივე მატჩში 90 წუთი თამაშს, ამიტომ ეს საკითხი ერთად უნდა გადავწყვიტოთ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში კლუბშიც და ნაკრებშიც შესანიშნავი ფეხბურთი შემოგვთავაზა. ამიტომ კარგად მესმის, თუ როგორ ელოდება ხალხი მათ ერთად ხილვას მოედანზე. თუმცა მე, როგორც მთავარმა მწვრთნელმა, გუნდისთვის საუკეთესო ბალანსი უნდა ვიპოვო. თუ როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ, ამას ხვალ იხილავთ, იმედი მაქვს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ ეროვნული გუნდისთვის სასიკეთო იქნება.

ოთარ კაკაბაძე: “ყველანი მოტივირებული და მონდომებული ვართ, გვსურს, რომ გასულ შეხვედრებში ნაჩვენები ცუდი შედეგი ხვალინდელი მატჩით გამოვასწოროთ.”

💬​ოთარ კაკაბაძე: გულისტკივილის გამოვთქვამ დღეს ბათუმში მომხდარი შემთხვევის გამო. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა.

რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, კარგად გვესმის, რომ ყველა ძალიან უკმაყოფილო იყო გასულ მატჩებში ნაჩვენები შედეგით. ვიცით, რომ მეტია საჭირო და ჩვენც გვსურს უკეთესად ვიასპარეზოთ. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ბევრი პრობლემა შეგვექმნა და ეს თამაშებზეც აისახა. ოქტომბერში ამ მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვაკლია. განსაკუთრებულად გვახარებს ის ფაქტი, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე გულშემატკივრების თვალწინ ვითამაშებთ. აქედან გამომდინარე, ყველანი მოტივირებული და მონდომებული ვართ, გვსურს, რომ გასულ შეხვედრებში ნაჩვენები ცუდი შედეგი ხვალინდელი მატჩით გამოვასწოროთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა საბერძნეთთან შეხვედრაში

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმი არენაზე შედგება. ეროვნული გუნდის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით​, ბათუმი არენაზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობის ქომაგი დაიშვება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ