ეროვნული ნაკრები სრულ მზადყოფნაშია
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის მონაწილე ორივე ნაკრებმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე გუშინ ივარჯიშა. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. თორნიკე ოქრიაშვილს დღეს არ უვარჯიშია.
შეგახსენებთ, რომ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო შვედეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
💬ვილი სანიოლი: “შვედეთის წინააღმდეგ გამართული პირველი მატჩი ორივე გუნდისთვის რთული გამოდგა. გოლის გატანის შანსი ორივე ნაკრებს ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს. ვთვლი, რომ ჩემი ფეხბურთელები მარტში ბოლომდე დაიხარჯნენ, მატჩის შემდეგაც აღვნიშნე, რომ მაღალი დონის თამაში ჩავატარეთ. ახლა ნოემბერია და იმ შეხვედრიდან დიდი დროა გასული, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ეს განსხვავებული მატჩი იქნება. მიუხედავად ამისა, ხვალინდელ შეხვედრაში ჩემი ფეხბურთელებისგან ანალოგიურ მოტივაციას და სათამაშო დისციპლინას ველოდები.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, იმიტომ, რომ ამის გარეშე რთული ვიცოდეთ, თუ რომელ ფეხბურთელს რა შეუძლია. ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებს ზოგჯერ ახალი სისხლი სჭირდება. ახალი თაობა მოდის და მათ თუ შანსს არ მივცემთ, ვერასდროს გავიგებთ შეუძლიათ თუ არა მაღალ დონეზე თამაში. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ სხვადასხვა ფეხბურთელს მივცე შანსი და ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიო. სექტემბერში კარგი მატჩები ნამდვილად არ გამოგვივიდა, ეს განსაკუთრებით კოსოვოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას ეხება. თუმცა ოქტომბერში შედარებით უკეთ გამოვიყურებოდით, სტუმრად კოსოვო დავამარცხეთ და საბერძნეთთან ბოლო წუთზე დანიშნული პენალტით წავაგეთ. გუნდში შესანიშნავი გარემოა და კარგად ვიცით, რომ როდესაც ყველა ბოლომდე იხარჯება ჩვენ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
გიორგი მამარდაშვილს სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა მეკარეს ყოველკვირეული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინგლისის წინააღმდეგ 90 წუთის თამაში მისთვის კარგი საშუალება იქნებოდა. ეს საკმაოდ რთული შეხვედრა იქნება 21-წლამდე ნაკრებისთვის და ვთვლი, რომ გუნდისთვის მამარდაშვილის დონის მეკარის ყოლა დიდი პლუსი იქნება. ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მას სათამაშო პრაქტიკა მიეცემა.”
💬გურამ კაშია: “ბათუმში გამართული ბოლო ორი მატჩი, ისე გამოვიდა, რომ ფაქტობრივად ნეიტრალურ მოედანზე ვითამაშეთ და ფეხბურთელებიც ვერ ვგრძნობდით, რომ საშინაო შეხვედრას ვმართავდით. მაგალითად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გულშემატკივრებმა უდიდესი როლი ითამაშეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ შვედეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩით ბათუმში ქულების მოგროვებას დავიწყებთ და ვთვლი, რომ ქომაგები ამაში დაგვეხმარებიან.”
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შვედეთისა და უზბეკეთის წინააღმდეგ:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)
საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.