საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო უკრაინის ძლევით დაიწყო
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ტურნირის სადებიუტო მატჩში უკრაინა დაამარცხა. ქართველები მატჩის უმეტესი დროის მანძილზე მდევრის როლში იყვნენ, ერთ ეპიზოდში 7 ქულითაც ჩამორჩნენ, თუმცა ყველაზე საჭირო მომენტში, ბოლო პერიოდში ერთ მუშტად შეიკრნენ და უხერხული მეტოქე დაამარცხეს.
ილიას ზუროსმა ტაქტიკური ბრძოლაც მოუგო თავის ვიზავის, უკრაინელთა ლატვიელ მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს. ჩვენი ნაკრების ბერძენმა თავკაცმა ნაკრების ლიდერთა ძალები კარგად გადაანაწილა და გადამწყვეტ მომენტში გამართული ტაქტიკისა და კალათბურთელთა თავდადების ხარჯზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსი ხშირ როტაციას მიმართავდა. პირველ ტაიმში შენგელია 13 წუთი ათამაშა, ბურჯანაძე – 12. საწყის 20 წუთში ფარქვეშ ხისტი თამაში გაჩაღდა, სამწამიანი ზონიდან ბურთის ჩაგდება ორივე მხარეს უჭირდა, სამაგიეროდ პერიმეტრიდან ორივე გუნდი შედეგიანი იყო. საქართველომ 7 სამქულიანი ჩააგდო, უკრაინამ – 5. ქართველთაგან 6 სამიანი თად მაკფადენის ანგარიშზე იყო, რომელმაც საწყისი ტაიმი 20 ქულით დაასრულა.
მესამე პერიოდში თანაბარი თამაში გაჩაღდა. უკრაინის ნაკრებმა რამდენჯერმე მიაღწია ხუთქულიან უპირატესობას, თუმცა ჩვენი გუნდი წამყვანი მოთამაშეების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ჩამორჩენას მალევე აბათილებდა. აშკარა იყო, რომ ჩვენს ნაკრებს ამ თამაშს დაცვა მოაგებინებდა. საჭირო იყო მეტოქის გაჩერება უპირველესად პერიმეტრზე, თუმცა ჩვენმა კალათბურთელებმა უდიდესი მონდომების ხარჯზე შეხვედრის ბოლო 5 წუთში უბადლო დაცვა ითამაშეს და უკრაინელები მთელ მოედანზე შეავიწროვეს. შედეგად, სტუმრებმა მიჯრით რამდენიმე ბურთი დაკარგეს, შეტევაში კი თორნიკე შენგელიას, თად მაკფადენს, გიორგი შერმადინსა და ბექა ბურჯანაძეს გადამწყვეტ მომენტში ხელი გივი ბაქრაძემ და კახა ჯინჭარაძემაც შეაშველეს. საკვანძო მომენტში ჩვენმა გუნდმა დიდებულად ითამაშა, უკრაინა 6 ქულით ჩამოიტოვა და მატჩის ბედი საფინალო სირენამდე ადრე გადაწყვიტა.
ჩვენს ნაკრებში ბომბარდირი გახდა 7 სამიანის ჩამგდები თად მაკფადენი, რომელმაც 27 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეფექტურობის კოეფიციენტით თანაბარი შედეგი აჩვენეს გიორგი შერმადინმა და თორნიკე შენგელიამ. შენგელიამ 16 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, შერმადინის ანგარიშზე კი 23 ქულა და 4 პასი გაიფორმა.
საქართველოს ნაკრები ამაღამ ესპანეთში გაემგზავრება, სადაც ანდალუსიის რეგიონის ქალაქ ხაენში მსოფლიო თასის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან გამართავს