ლანჩხუთმა პირველი ქულები დაკარგა

ტურის ცენტრალური შეხვედრა ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „ლანჩხუთისა“ და „კვარტალის“ დაპირისპირებისას, როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი, მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტიც, სწორედ, მათ შექმნეს თბილისელთა კართან. თუმცა, თეონა თოდაძის დარტყმული ხარიხას მოხვდა. მე-17 წუთზე კი, ხატია ჭყონიას გადაცემის შემდეგ, ირინა ხაბურზანიამ გახსნა ანგარიში. თბილისელებმა, ტაიმის მიწურულს თამაში გამოასწორეს. 37-ე წუთზე, ცენტრიდან ანა ძაძუას გაკეთებული გადაცემა, კარგად დაამუშავა ნათია დანელიამ და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. მეორე ტაიმში 54-ე წუთზე, იმავე ნათია დანელიას სტანდარტულის შემდეგ, ბურთი ხარიხამ მოიგერია. ამ მომენტის შემდეგ, გუნდებს კიდევ ჰქონდათ ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა, უფრო მეტი მასპინძლებს, თუმცა, შეხვედრა ფრედ დასრულდა და „ლანჩხუთმა“, მიმდინარე გათამაშებაში, პირველი ქულები დაკარგა.

ბათუმში, ადგილობრივ გუნდს, დიდი ანგარიშით, 0-5 მოუგო, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“. ანგარიში, მე-14 წუთზე თბილისელთა, აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ჯოშგუნა ალიევამ გახსნა და მანვე, პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, დუბლიც შეასრულა. „ბათუმის“ კარში ორი გოლი (48’, 90’) გაიტანა, თბილისელთა გამოცდილმა მოთამაშემ ლელა ჭიჭინაძემაც, კიდევ ერთი გოლი კი, ჩემპიონის რიგებიდან მარიამ მამნიაშვილის (68’) ანგარიშზეა.

მეექვსე შეხვედრა მოიგო ხობის „კოლხეთმაც“, რომელიც მიმდინარე სეზონში სტაბილურად კარგად ასპარეზობს. ამჯერად, ხობელებმა, მეგი გოცირიძის (28’) და ანა წულაიას (43’) მიერ, პირველ ტაიმში გატანილი გოლებით, „გორი იუნაიტედი“ დაამარცხა, ანგარიშით 2-0 და ახლა, სატურნირო ცხრილში, 19 ქულით, მე-4 ადგილზეა. „კოლხეთი“ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, 4 ტურით ადრე, ახერხებს უშუალო მეტოქესთან, „ნორჩ დინამოსთან“ მცირე უპირატესობის შენარჩუნებას.

მე-10 ტურის ბოლო შეხვედრა კი, სწორედ, „ნორჩმა დინამოსა“ და ქუთაისის „მართვეს“ შორის გაიმართა. თბილისში, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში, ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაიხსნა. 11-მეტრიანით, ქუთაისლეთა კარი, მარიამ მოდრეკილაძემ გაიტანა. მიუხედავად, ნორჩდინამოელთა უპირატესობისა, მასპინძლებმა მხოლოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე გაიტანეს მეორე გოლი და მატჩი, 2-0 მოიგეს.