გაგრა ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება

გაგრამ” 2021 წლის სეზონის ორმატჩიან პლეი ოფში ქობულეთის “შუქურა” დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. გუნდმა ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო.

წავიდა ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი – მეკარე დავით კერესელიძე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ თბილისის “დინამოში” გააგრძელებს კარიერას, მცველმა გია ჩადუნელმა საქართველოს თასის მფლობელ “საბურთალოს” მიაშურა, ხოლო ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო თანაბომბარდირი თამაზ მაქაცარია ბრინჯაოს პრიზიორ გორის “დილას” ფეხბურთელი გახდა.

თუმცა, გაგა კირკიტაძის გუნდი ორი ისეთი მოთამაშით გაძლიერდა, ეროვნული ლიგის ნებისმიერ გუნდს რომ დაამშვენებდა: ერთია “სამტრედიას” ექსმეკარე ბექა ქურდაძე, ხოლო მეორე – “ლოკომოტივის” ყოფილი ვიცე-კაპიტანი, საყრდენი ნახევარმცველი თეიმურაზ შონია.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, “გაგრამ” ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გაგა კირკიტაძის ბიჭები სამგურალთან 2-0 დამარცხდნენ. ხოლო, ლოკომოტივთან დაპირისპირება კი 1-1 დასრულდა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას “გაგრა” რუსთავის “რუსთავის” წინააღმდეგ 14 თებერვალს გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და თბილისის ოლიმპიურ კომპლექსში ჩატარდება.