საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გერმანიაში გამართულმა კენჭისყრამ გამოავლინა

დღეს, გერმანიის ქალაქ ფრეზინგში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 2022 წლის 15-24 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს და ჩვენი ინტერესიც, ცხადია, უმეტესწილად ამ ასაკზეა მიპყრობილი.

ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა, რომელიც წილისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილიც მიუჩინა. მაშ ასე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, კოსოვოსთან და ავსტრიასთან ერთად.

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)

მთლიანობაში, თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 20 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. შეიქმნა 5 გუნდისგან შემდგარი 4 ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება ევროპის ჩემპიონატის ელიტარული, A დივიზიონის საგზური.

თბილისში 15-24 ივლისს გასამართი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ საკმაოდ ძლიერი სერბეთის, ლატვიისა და პოლონეთის ნაკრებები.

 

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2022 წლის 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ნიდერლანდებთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ბულგარეთთან, ნორვეგიასთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა. ამ ასაკობრივ ჩემპიონატში B დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. აქედანაც 2-2 საუკეთესო გავა მერვედფინალში და A დივიზიონში გადასსვლელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.