შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ გაძლიერება არავის აწყენს

გაზეთ “ლელო”-ში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:

“საბურთალომ” თურქული შეკრება მოითავა. ლევან კორღალიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სამეზობლოში სამი სპარინგი გამართა. 0:1 დამარცხდა რუმინულ “ჰერმანშტადტთან”, 1:0 აჯობა უზბეკურ “ნასაფს” და 2:3 წააგო რუსულ “ორენბურგთან”.

რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, თუ როგორ აფასებს კორღალიძე “საბურთალოს” თურქულ შეკრებას, თან თბილისელები სეზონს ხომ სხვებზე ადრე განაახლებენ – თასის მოქმედი გამარჯვებული 20 თებერვალს სუპერთასისთვის მატჩში ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება

– როგორ შეაფასებდით თურქულ შეკრებას?

– ყოველთვის იმედისმომცემია შეკრების პერიოდი. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ეგაა, ცოტა ამინდმა შეგვიშალა ხელი. იყო მომენტი, როცა ძალიან მაგრად წვიმდა და სავარჯიშოდ მინდორზე ვერ შევედით მათი მესაკუთრეების გადაწყვეტილებით… როგორი შეკრება გამოგვივიდა და რამდენად ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ამ კითხვაზე საფუძვლიან პასუხს სეზონის მიმდინარეობა გაგვცემს. ეს იქნება შეკრებაზე გაწეული სამუშაოს მთავარი ინდიკატორი.

– მხოლოდ სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ შეკრებაზე. ცოტა ხომ არ არის თუნდაც სხვა ქართულ კლუბებთან შედარებით?

– თავიდან ოთხი თამაში გვქონდა დაგეგმილი. ჩაგვეშალა ოდესის “ჩერნომორეცთან” საკონტროლო მატჩი. ამის გამო, ძალიან ვწუხვარ და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მწვრთნელს, თამაში დამაკლდა. მატჩი ჩაიშალა უკრაინული მხარის ინიციატივით. მათ ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები… რაც შეეხება ზოგადად თამაშების სიმცირეს, ჩვენ სხვა ქართულ კლუბებთან შედარებით ადრე ვიწყებთ სეზონს, 20 თებერვალს გვაქვს სუპერთასის მატჩი. იმ გუნდებს, რომლებიც ასე ადრე არ ანახლებენ სეზონს, აქვთ იმის საშუალება, ჩაატარონ 6-7 საკონტროლო შეხვედრა.

– უნდა გთხოვოთ შეკრებაზე ჩატარებული მატჩების ჯერ ზოგადი, მერე კი კონკრეტული შეფასება

– რაც შეეხება ზოგად შეფასებას, ფეხბურთში შედეგს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ მატჩებში ჩვენ მაინცდამაინც შედეგზე არ გაგვიკეთებია აქცენტი. გვქონდა ჩვენი მონახაზი, ჩანაფიქრი და ვცადეთ მათი გადატანა მინდორზე. თანაც, გუნდში ბევრი ახალწვეული გვყავს და მათი ბოლომდე შეთამაშება-ადაპტაციაც მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრებს… პირველი მატჩი გვქონდა რუმინულ “ჰერმანშტადტთან”, რომელიც იქაური პირველი ლიგის ლიდერია. არ გადავაჭარბებ – ვაჯობეთ თამაშით, სულ რამდენჯერმე გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე… დასანანი გოლი გავუშვით, ჩვენი მომენტები კი ვერ გამოვიყენეთ.

ამის შემდეგ იყო მოგება უზბეკურ “ნასაფთან”. ეს არის ძლიერი გუნდი, რომელმაც 10 კაცით ფინალი მოუგო ტაშკენტის “ფახთაქორს”. “ნასაფს” ჩვენსავით სუპერთასის მატჩი ელის იმავე “ფახთაქორთან”.

შეკრებაზე ბოლო მატჩი წავაგეთ რუსულ “ორენბურგთან”. მიუხედავად მარცხისა, თამაშის ხარისხითა და გუნდური ურთიერთქმედებით ყველაზე მეტად ამ მატჩით დავრჩი კმაყოფილი.

– “საბურთალომ” სეზონთშორის პერიოდში არაერთი ახალი ფეხბურთელი შეიმატა. როგორ მიმდინარეობს კლუბში მათი ადაპტაციის პროცესი?

– ძალიან მოხარული ვარ იმის გამო, რომ ადაპტაციის პროცესი კარგად მიდის. რა თქმა უნდა, მე, როგორც მწვრთნელი, ხშირად ვსაუბრობ მათთან და თავადაც ვატყობ, რომ ეს ასეა. ფეხბურთელებიც ზუსტად ასე ფიქრობენ. ვფიქრობ, ისეთი მოთამაშეები დავიმატეთ, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარებიან.

– “საბურთალომ” სასელექციო პროცესი დაასრულა თუ გუნდში ახალწვეულებს კიდევ უნდა ველოდოთ?

– გუნდი ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ გაძლიერება არავის აწყენს და, მათ შორის, არც ჩვენ. საამისოდ მუშაობა სულ მიმდინარეობს და მაშინაც კი არ შევწყვეტთ სელექციას, როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. ასე რომ, ნამდვილად არ არის გამორიცხული, გუნდში კიდევ გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები.

– ისე მოხდა, რომ ამ დროისთვის “საბურთალოში” ლეგიონერი აღარ დარჩა. ხომ არ უნდა ველოდოთ უცხოელების გამოჩენასაც?

– მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და როგორ კი დასრულდება ეს პროცესი, ამას ყველა ერთად ვნახავთ. მესმის, არის ინტერესი ამ თემაზე, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

– გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა წულუკიძე გერმანულ “კარლსრუეში” გააგრძელებს კარიერას. ეს ფეხბურთელი თქვენ დააწინაურეთ ძირითად გუნდში. რა შეგიძლიათ თქვათ მასზე?

– “საბურთალოს” საფეხბურთო აკადემიაში რომ ვმუშაობდი, მაშინ ლუკა 12 წლის იყო და ჩემს გაწვრთნილ გუნდში თამაშობდა. პერსპექტიული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ფეხბურთელია. მაქვს დიდი იმედი, რომ გაგვახარებს. რაც უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი გვეყოლება, მით უფრო მეტი რესურსი ექნება საქართველოს ნაკრებს და არ შეიძლება, ეს არ გვიხაროდეს.

– მალე ბათუმის “დინამოსთან” გელით მნიშვნელოვანი მატჩი სუპერთასისთვის

– ჩვენ ჩვეულებრივად ვემზადებით ამ მატჩისთვის. რა თქმა უნდა, როცა საქმე გვაქვს ფინალთან, მას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ემოციური ფონი. რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეს, ორი აზრი არ არის, ძალიან ძლიერი გუნდია – ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი! ვეცდებით, მოვიგოთ ტიტული და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. მით უმეტეს, “საბურთალოს” უკვე აქვს ამ ტიტულის მოგების გამოცდილება.

 

f