მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამწლიანი (2020-2022) იძულებითი პაუზის შემდეგ, 20-წლამდელთა ორი მასშტაბური ტურნირი 2023 წლიდან აღდგება.
საგულისხმოა, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ალაფის დაბრუნება რაგბის დაბადების 200 წლის იუბილეს ემთხვევა. გადმოცემის თანახმად, ქალაქ რაგბის ერთ-ერთ სკოლაში, უილიამ უებ ელისმა 1823 წელს აიტაცა ბურთი და პირველი ლელო გაიტანა.
იმისათვის, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს კიდევ ერთი წელი არ გაუცდეთ, მსოფლიო რაგბი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონალურ ორგანიზაციებსა და მასში შემავალ რაგბის კავშირებთან, რათა 2022 წელს ალტერნატიული ახალგაზრდული ტურნირები ჩატარდეს.
აღსანიშნავია, რომ 20-წლამდელთა პირველი ჩემპიონატიდან (2008 წლიდან) დღემდე, ახალგაზრდული ნაკრებებიდან ქვეყნის მთავარ გუნდში ჯამში 1400-ზე მეტი მორაგბე დაწინაურდა, ახალი ზელანდიისა (2011, 2015) და სამხრეთ აფრიკის (2019) 28 მოთამაშემ კი, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.
მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი ამბობს:
„20-წლამდელთა ტურნირები მისი დაარსების დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის საუკეთესო გზაა ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეების გაბრწყინებისთვის, სანამ სათანადო გამოცდილებას შეიძენენ და ტესტ-მატჩებში გადაინაცვლებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმედისმომცემ ახალგაზრდა მორაგბეებს უმაღლესი დონის ტურნირებში თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მოხარული ვარ, რაგბისათვის ესოდენ მნიშვნელოვან წელს, 20-წლამდელთა ჩემპიონატი და ალაფა გვიბრუნდება“.
„ჩვენი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ამ ტურნირში თამაში. იმ თაობამ, რომელიც ახლა ბორჯღალოსნებშია, სწორედ 20-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღო გამოცდილება და ბევრი რამ ისწავლა. ბოლო სამი წელი იყო ჩავარდნა. ჩვენი ძალებით ვთამაშობდით სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ტურნირებში, თუმცა ექვსი ერის გუნდებისგან განსხვავებით, არ გვქონია სტაბილურად თამაშის შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან მოთამაშე უკვე ახლოსაა ეროვნულ ნაკრებთან და ძალიან მიხარია 20-წლამდელთა ჩემპიონატის აღდგენა“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ.
2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებენ: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და უელსი.
2023 წლის ალაფაზე 8 გუნდი ითამაშებს, მათ შორის შოტლანდია, რომელიც ჩემპიონატიდან 2019 წელს დაქვეითდა. მისი კონკურენტები იქნებიან მასპინძელი ქვეყნის ნაკრები და რეგიონალური შესარჩევი ეტაპების გამარჯვებულები.
ტურნირების მასპინძლები და მათი ჩატარების ზუსტი ვადები მოგვიანებით დადგინდება