18-წლამდელებმა გასვლაზე უნგრეთი დაამარცხეს

საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშში მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით – 1:0 მოიგო.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 62-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა. თბილისის დინამოელმა, თემურ ღონღაძის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

დარჩენილ დროში, უნგრელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ – 84-ე წუთზე, 18-წლამდელთა კარში პენალტი დაინიშნა, მასპინძელთა მცველის – ნორბერტ კისის დარტყმული კი პაპუნა ბერიაშვილმა მოიგერია.

18-წლამდელთა მწვრთნელის – ლაშა ფირცხალაიშვილისთვის, განვლილი მატჩი სადებიუტო გახლდათ. მომდევნო მატჩს, მისი გუნდი 3 მარტს, 14:00 საათზე ისევ უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის დაწყებამდე, 18-წლამდე ვაჟთა ნაკრების წევრებმა, გუნდური ფოტოს გადაღებისას სიმბოლურად უკრაინის და საქართველოს დროშები გაშალეს, რითიც მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატეს.