საბურთალომ პარტიზანი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა
განმეორებით შეხვედრაში თბილისელებს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. ქალაქელებმა ტირანაში მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ორი თამაშის ჯამში დაიმსახურეს შემდეგი ეტაპის საგზური. ლაშა ნოზაძემ პირველი მატჩის შემდეგ ცვლილებებს მიმართა – გუნდი კიდევ უფრო შემტევი და აგრესიული იყო, რამაც საბოლოოდ გამოიღო შედეგი.
პირველ ნახევარში ანგარიში არ გახსნილა, არადა თბილისელებს რამდენჯერმე უნდა გაეტანათ – ჯერ ტაბატაძეს, შემდეგ სიხარულიძეს, ტაიმის ბოლოს კი გულიაშვილს. მასპინძლები ძირითადად კონტრიერიშებზე თამაშობდნენ.
მეორე ნახევარი ახალი განახლებული იყო, როდესაც ჩვენი გუნდი დაწინაურდა – შეტევა დაცვიდან გია ჩადუნელმა წამოიწყო, რომელმაც გიორგი გოჩოლეიშვილს უპასა. ამ უკანასკნელმა გზად რამდენიმე მეტრი გაირბინა, რის შემდეგაც საჯარიმოში ჩააწოდა. ბურთი ტექნიკურად გურამ გოშთელიანმა გაატარა და კარგ პოზიციაზე მყოფ ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ, მასპინძებმა დაარტყეს შორი მანძილიდან, მაგრამ თორნიკე მეგრელიშვილმა მოიგერია. ანგარიშის ორამდე გაზრდა ლევან ნონიკაშვილს შეეძლო, მაგრამ საჯარიმოს გარედან მეკარემ არ გაატანინა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი ირაკლი სიხარულიძემ ხუთიოდ მეტრიდან სასწაულებრივ ააცილა კარს ბურთი.
თამაში დამატებით დროში გადავიდა, 30 წუთში გუნდებს თითო-ოროლა მომენტები ჰქონდა, მაგრამ საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა. იქ კი თავი თორნიკე მეგრელიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ორი დარტყმა მოიგერია და თავისიანების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ბუნებრივია, გაიხარეს საბურთალოელებმა და რამდენიმე ხნის განმავლობაში აღნიშნავდნენ შემდეგ ეტაპზე გასვლას.
მორიგი მატჩი კი ჩვენს გუნდს კონფერენც ლიგაზე რუმინეთის გუნდთან 21 ივლისს საქართველოში ელის.
14 ივლისი, ტირანა, 6000 მაყურებელი
პარტიზანი-საბურთალო 0:1 (4:5 პენ)
პარტიზანი: ტეჯა – ჰადროი (91. სოტა), ბიტრი, ბელიკა, ატანასკოსკი – მურატაი (75. გეიე), მასანგა, რაპაი – ჰოტი (46. ცვეტანოვსკი) – სკუკა, კარა (82. ნდრეკა / 110. ტელუში) |
სათადარიგოები: ბუჯელაი, ჰოდო, ლაროში, რეჯეპი, რომერო, სემბენე, სპაჰიუ |
საბურთალო: მეგრელიშვილი – კაკუბავა, ჩადუნელი, შ. ნონიკაშვილი (62. ქარდავა) – გოჩოლეიშვილი, გოშთელიანი (62. ლ. ნონიკაშვილი), მიოჩი (105. გ. მამაგეიშვილი), ჯინჯოლავა – ტაბატაძე (67. ო. მამაგეიშვილი), გულიაშვილი, სიხარულიძე. სათადარიგოები: გეგუჩაძე, ქოქოსაძე, ლეჟავა, მამაცაშვილი, ჟულიუ ვინისიუსი |
პენალტების სერია: 0:0 ჯინჯოლავა (მეკარე), 0:0 ატანასკოსკი (მეკარე), 0:1 ჩადუნელი, 1:1 ბიტრი, 1:2 გულიაშვილი, 2:2 ტელუში, 2:2 ლ. ნონიკაშვილი (მეკარე), 3:2 სკუკა, 3:3 სიხარულიძე, 3:3 რაპაი (ძელი), 3:4 გოჩოლეიშვილი, 4:4 სოტა, 4:5 გ. მამაგეიშვილი, 4:5 სოტა (მეკარე) |