შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და ტენერიფეს გამარჯვება ბრეგანთან

გიორგი შერმადინი ჩვეულ სტიქიაშია. ეს ნიშნავს, რომ მისმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში იმარჯვა, ქართველი ცენტრი კი მოედანზე ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად, მატჩის MVP გახდა. ეს ამბავი ლიგა ენდესას მორიგ, 28-ე ტურში მოხდა, რომელშიც “ტენერიფემ” “ბრეგანს” უმასპინძლა და 96:78 დაამარცხა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:18 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასნი მოაგროვა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ცხადია, ქართველ ლეგიონერს მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ერგო და შანსია, ის ტურის MVP-იც გახდეს.
ტენერიფემ ამ მოგებით 34 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში მე-6 ადგილს იკავებს. შერმადინის გუნდი ჩემპიონატში მომდევნო მატჩს ფუენლაბრადასთან გამართავს, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე თურქულ თოფასს ესტუმრება.