მამუკელაშვილის 20 ქულა და მარცხი ოვერტაიმში
ნბა-სა და G ლიგას შორის მოგზაურმა სანდრო მამუკელაშვილმა ამჯერად განვითარების ლიგაში ითამაშა. მილუოკი ბაქსის სატელიტმა კლუბმა ვისკონსინ ჰერდმა მორიგი მატჩი გრანდ რეპიდსთან გამართა და დამატებით დროში – 122:129 წააგო.
საინტერესოა, რომ ჰერდმა დამატებით დროში ქულა ვერ ჩააგდო, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. ვან ანდელ არენაზე გამართული მატჩის ოვერტაიმში გრანდ რაპიდსმა 7:0 იმარჯვა.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო. სანდრომ 32 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 12-დან 7 ორქულიანი და სამივე საჯარიმო (G ლიგაში, ისინი რიგ შემთხვევებში ორ ქულად ითვლება) ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ვისკონსინ ჰერდს ცენტრალურ დივიზიონში 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს ისევ გრანდ რაპიდსთან ჩაატარებს.