თორნიკე შენგელიას მოედანზე 27 ოქტომბერს ელიან
სასიხარულო ამბავი ქართველი გულშემატკივრებისთვის: საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელმაც 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო, მოედანს უბრუნდება. ამის შესახებ იტალიური ციფრული მედია იუწყება. “ვირტუს ბოლონიას” ქართველი ფორვარდი სათამაშოდ მზადაა მას მოედანზე 27 ოქტომბერს, მადრიდში, “რეალთან” გასამართ ევროლიგის მატჩში ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა, მხარი დაიზიანა, თუმცა ექიმების დაკვირვებული ანალიზის შემდეგ ოპერაციას გადაურჩა და თერაპიული კურსით გააგრძელა მკურნალობა. როგორც დაგეგმილი იყო, თორნიკე მოედანზე გასასვლელად ოქტომბრის ბოლოსთვის იქნებოდა მზად და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. დიდი ალბათობით, მას მაყურებელი მადრიდში იხილავს, სადაც “ბოლონიას” უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის სამეფო კლუბთან.
ეს ამბავი ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შუა პერიოდში სასიცოცხლო მნიშვნელობის მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩები ელის: 11-ში ისლანდიაში და 14-ში თბილისში, იტალიასთან.
31 წლის თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას გაზაფხულზე, რუსეთის დატოვების შემდეგ შეუერთდა და მასთან ერთად საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებული გახდა, იტალიურ ლიგაში კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ტრავმის მიუხედავად, ვირტუს ბოლონიამ ქართველ კალათბურთელს ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაუფორმა.