შერმადინმა ტენერიფეს ისრაელშიც ულიდერა

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში დამაჯერებელი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ქართველი ცენტრის დამსახურება მნიშვნელოვანია. შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელშიც ესპანურმა კლუბმა 95:57 გააცამტვერა ებრაული ჰერცილია.

გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგია. ჩვენებურს გვერდში ედგა ფინელი საშუ სალინი, რომელმაც 18 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, 15ქულა ლიეტუველი ტიმ აბრომაიტისის ანგარიშზეა.

2 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფე H ჯგუფს ბერძნულ პერისტერისთან ერთად ლიდერობს. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 29 ნოემბერს, ებრაულ გუნდთან ამჯერად შინაურ არენაზე გამართავს.