“ივერიონმა” გორისთვის ისტორიულ მატჩში ტყიბულის “ორბი” დაამარცხა
დღეს გორში საკალათბურთო ზეიმი იყო. პირველად ისტორიაში, შიდა ქართლის მთავარმა ქალაქმა “ა” ლიგის მატჩს უმასპინძლა. ამ სეზონში პროფესიულ ლიგაში შემოსულმა გორის გუნდმა გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი და უშუალო კონკურენტი – ტყიბულის “ორბი” დაამარცხა და სპორტის სასახლეში მისული მხარდამჭერები გაახარა. პირველი საშინაო მატჩი წარმატებული გამოდგა “ივერიონისთვის”, რომელსაც დიმიტრი ჯაკობოვი წვრთნის.
როგორც გორის გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ამ გამარჯვებამ კალათბურთის ქომაგებს დიდი ბიძგი მისცა და შემდეგი საშინაო მატჩისთვის გაცილებით მეტი მაყურებელი მოვა, რომელიც გორის სპორტის სასახლის მცირე დარბაზში აღარ დაეტევა. გულშემატკივარმა დღევანდელ გამარჯვებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა. გორელები მხურვალედ ქომაგობდნენ “ივერიონს”, რომელმაც ირაკლი ტომარაძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი “ორბი” ბოლო წუთებზე გატეხა და 64:55 (გაიმარჯვა).
მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ორივე გუნდი დაცვაზე იყო ორიენტირებული, შესაბამისად იყო ხშირი შეცდომები, ხარვეზები და ანგარიშიც საკმაოდ ნელა იზრდებოდა. მეორე პერიოდი სულაც 9:9 სრულდებოდა, ბოლო წამებზე ორბის ფორვარდს, ლევან ლოლიშვილს სამქულიანი რომ არ ჩაეგდო. დიდ შესვენებაზე გორელები 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ეს სხვაობაც გაბათილდა და გუნდებმა ფაქტობრივად თავიდან დაიწყეს გამარჯვებისთვის ბრძოლა.
გადამწყვეტი გამოდგა ბოლო წუთებზე გორელთა მედგარი დაცვა, რასაც ივერიონის მარჯვე ლეგიონერის, ჯერმეინ ჰედის ჩაჭრები და ზუსტი გარღვევები დაერთო. ბოლოსწინა წითზე მასპინძლების უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია და თამაშის ბედიც გაირკვა. გამარჯვებულებს 26 ქულით, 8 მოხსნითა, 7 პასითა და 6 ჩაჭრით ჰედმა ულიდერა. 12 ქულა აიზია ლუისმა მოაგროვა, მამუკა ბაზუაშვილისა და ვიქტორ ლუისის ანგარიშზე 8-8 ქულა დაგორვდა. ორბის შემადგენლობაში 15 ქულითა და 6 პასით კენი კუპერი გამოირჩა. მარკალ ლოთსმა ტყიბულელებს 12 ქულა და 7 მოხსნა შესძინა.
თავის მხრივ ტყიბულშიც პირველად გაიმართება “ა” ლიგის მატჩი, როცა “ორბი” ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდს უმაპინძლებს.