საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი მატჩებისთვის ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, კარსმომდგარი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 23 და 26 თებერვალს ჩვენს გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის, რომელთა მოგების შემთხვევაშიც ისტორიულ შედეგს მიაღწევს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.
საქართველო 23 თებერვალს, ქალაქ ალმერეში ნიდერლანდებს შეხვდება, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება და 26 თებერვალს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით მატჩში უშუალო კონკურენტ ისლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი პირდაპირ გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა არსებობს შანსი (თუ უკრაინა 23 თებერვალს იტალიაში წააგებს), რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ისლანდიასთან გამარჯვებამაც იკმაროს, თუმცა ეს მხოლოდ ვარიანტია და რეალურად ნაკრების არც ერთი წევრი არაა სხვა ანგარიშის იმედად. საქართველოს ნაკრების ერთადერთი გეგმა ორივე თამაშის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ძალებით, დამაჯერებლად გასვლაა.
საქართველოს ნაკრები არსებულ რეალობაში ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ჩვენს ნაკრებში იქნებიან ესპანეთის ლიგა ენდესაში მოთამაშე გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, რატი ანდრონიკაშვილი, კვიპროსში მოთამაშე დუდა სანაძე, მაკედონიიდან გიორგი კორსანტია, ხოლო იტალიის სერია A-დან ბექა ბურჯანაძე და ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.
შენგელიას ამბავი ცალკე სათქმელია. ევროლიგაში თამაშის მიუხედავად, თორნიკე ყოველთვის მოდიოდა ნაკრებში სათამაშოდ და ახლა, როცა თამაშების გრაფიკი მაქსიმალურად შემჭიდროებულია, ის მაინც გუნდში იქნება. შენგელია 4 დღის განმავლობაში 3 მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან მატჩებს შორის ის 24 თებერვალს ევროლიგაში, ვირტუსის მაისურით ბასკონიას წინააღმდეგაც ითამაშებს. ანუ 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ 25 რიცხვში არ მოუწევს შენგელიას მოედანზე გასვლა, რაც თანამედროვე კალათბურთში უპრეცედენტოდ დატვირთული გრაფიკია და ცხადია, ეს საქართველოს ნაკრების ისტორიულ მიჯნაზე ყოფნითა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოგების სურვილით არის განპირობებული.
შენგელიას და ჩვენს ნაკრებს ფრიად დატვირთული გრაფიკი რომ ნაწილობრივ შეუმსუბუქდეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ძალისხმევითა და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დახმარებით ეროვნული გუნდის კაპიტნისთვის პირადად 2 ჩარტერული რეისი, ხოლო ერთი პრივატული რეისი მთლიანი გუნდისთვის განხორციელდება. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ, თორნიკე ჩარტერით დაბრუნდება ბოლონიაში, ხოლო 24 თებერვალს, ევროლიგაში ბასკონიასთან მატჩის შემდეგ ასევე ჩარტერული რეისით გამოფრინდება თბილისში, ისლანდიასთან სათამაშოდ. მესამე არარეგულარული რეისით საქართველოს ნაკრები ამსტერდამიდან თბილისში დაბრუნდება, რათა 26 თებერვალს, ისლანდიასთან ზეპრინციპული მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო და ენერგია ჰქონდეს.
ლეგიონერებთნ ერთად გაფართოებულ შემადგენლობაში არიან სუპერლიგის კალათბურთელები: გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი (სამივე თსუ), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), მერაბ ბოქოლიშვილი (კაკტუსი), ილია ლონდარიძე (კავკასია) და გივი ბაქრაძე (ოლიმპი),
გოგა ბითაძე ნბა-ში კლუბის გამოცვლის გამო რამდენიმე დღე თავისუფალი აგენტი იყო და გაჩნდა შანსი, რომ ის საქართველოს ნაკრებს დახმარებოდა. ამიტომ, ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ ის ფიბა-ში გაგზავნილ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა გუშინ გოგამ “ორლანდოსთან” კონტრაქტი გააფორმა და მისი ნაკრებში ჩამოსვლა გამოირიცხა.
არსებული 14 კალათბურთელიდან ილიას ზუროსი შეარჩევს, თუ რომელმა 12-მა უნდა ითამაშოს ნიდერლანდებთან და რომელმა 12-მა – ისლანდიასთან. საქართველოს ნაკრები ვარჯიშს 17 თებერვალს, თბილისი არენაზე დაიწყებს, ხოლო ნიდერლანდებში 20 თებერვალს, გამთენიისას გაემგზავრება. ნიდერლანდებთან მატჩი ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალმერეს “ტოპსპორტცენტრუმ არენაზე” 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება. ჯგუფის თამაშების შემდეგ – ფინალურ ეტაპს ამომავალი მზის ქვეყანა უმასპინძლებს.