მარგვეთმა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ოლიმპი 1/4-ფინალიდან გამოთიშა
ზესტაფონის მარგვეთი სუპერლიგის ნახევარფინალშია. ამ უბრალოდ წარმოთქმული წინადადების უკან დგას ნამდვილი სენსაცია: ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა გუნდმა სეზონი პლეი ოფის პირველივე წრეში დაასრულა. საუბარია თბილისის ოლიმპზე, რომელმაც რეგულარულის 20 ტურში მხოლოდ 4 მატჩი წააგო, პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ წრეში მე-8 ადგილზე, ისიც ძალისძალად გასულ მარგვეთს შეხვდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. თანაბარ თამაშში, შეხვედრის დასრულებამდე 2,5 წუთით ადრე ოლიმპმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 83:79.
გადამწყვეტ მომენტში შედეგიანად ითამაშა ოთარ ბულიავამ, რომელმაც 2 საჯარიმო ჩააგდო, შემდეგ ორქულიანიც მიითვალა და როცა ნიკა ჩეჩელაშვილმა დამაწინაურებელი ორიანი ჩააგდო, მატჩის ბოლო წუთზე ჩაჭრაც მიითვალა. მარგვეთმა საბოლოოდ 88:83 (სტატისტიკა) იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
მარგვეთში საუკეთესო შედეგი ოთარ ბულიავამ (18 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი) და მარქუს გილსონმა (18 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი) დააფიქსირეს. 20 ქულა მიითვალა ნიკა ჩეჩელაშვილმა. ოლიმპში 19 ქულით საუკეთესო იყო ლინტონ ესლაისი. 16 ქულა და 6 პასი გივი ბაქრაძის ანგარიშზეა.