ეროვნული ნაკრები შოტლანდიაში დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა დათმო. ვილი სანიოლის გუნდი გლაგზოში, ჯგუფი ლიდერ შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა.
მასპინძლები მე-6 წუთზე, კალუმ მაკგრეგორის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მატჩი ძლიერი წვიმის და მოედნის საფარის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო შეწყდა. შეხვედრა საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა. შოტლანდიის ნაკრების რიგებში მეორე გოლი სკოტ მაკტომინეიმ, მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე გაიტანა. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს სხვაობის შემცირების შანსი ჰქონდა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას 11-მეტრიანი არაზუსტი აღმოჩნდა.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი სექტემბერში, ესპანეთის და ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
💬 ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ასეთ ვითარებაში ყოფნა არავის სურდა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ექნებოდა გარკვეული გამოხმაურება, თუმცა ვერ ვხვდებით თამაში საერთოდ რატომ დაიწყო. რამდენიმე წამში გამოჩნდა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო. მსაჯმა შეხვედრა გოლის შემდეგ შეაჩერა და ამის გამო წნეხის ქვეშ მოიქცია თავი. შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელთან ჯერ კიდევ გოლამდე შევთანხმდით, რომ ასეთ მოედანზე თამაში რთული იქნებოდა.
თამაში განვაახლეთ და ერთადერთი რამ, რაზეც გული მწყდება, კომუნიკაციის ნაკლებობაა. არანაირი ახსნა არ მიმიღია, მხოლოდ ლოდინი მოგვიწია. ერთადერთი რამ, რასაც ვითხოვდით, კომუნიკაცია იყო, რადგან ფეხბურთელებისთვის უნდა აგვეხსნა, თუ რა ხდებოდა. მოთამაშეები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რამდენჯერმე მოუწიათ მოედანზე გასვლა და გასახდელში დაბრუნება. ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს და ეს ბევრ რამეს გამოასწორებს. ვიცი, რომ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. როგორც მთავარ მწვრთნელს, ხშირად მიწევს ამის გაკეთება. ეს ჩემი ყოველდღიური საქმეა, ისევე როგორც მატჩის ორგანიზატორების.
შოტლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად, ჯერ კიდევ მესამე წუთზე ვუთხარით მეოთხე მსაჯს, რომ თამაშის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. პასუხად მივიღეთ, რომ დელეგატის გადაწყვეტილების გარეშე, თამაშის შეჩერება შეუძლებელია. თუმცა, რამდენიმე წუთში მთავარმა მსაჯმა თამაში შეაჩერა. ბევრი რამ გაუგებარი იყო და იგრძნობოდა კომუნიკაციის პრობლემა. თუმცა, ეს მხოლოდ ფაქტებია, რასაც არაფერი აქვს საერთო თამაშის სურათთან, რადგან მდგომარეობა ორივე გუნდისთვის თანაბარი იყო.
არავინ იცის, რა მოხდებოდა თამაში პირველ გოლამდე რომ შეჩერებულიყო, მაგრამ მსაჯს საკუთარი საქმე დროულად რომ შეესრულებინა, უფრო ჯანსაღ ატმოსფეროს მივიღებდით. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მსაჯმა და დელეგატმა კაპიტნებს აზრი ჰკითხეს, თუმცა ის არ გაუთვალისწინებიათ. ფეხბურთელები თავს კარგად არ გრძნობდნენ. მხოლოდ ის ვიგრძენით, რომ მათი მითითებები უნდა შეგვესრულებინა. მოთამაშეები ფეხბურთის სათამაშოდ ემზადებიან და არა მსგავსი სიტუაციებისთვის. ასეთ დროს ტრავმის მიღების ალბათობა დიდია, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
💬 გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „დასანანია, რომ წავაგეთ. ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ. რთული დღე გვქონდა. ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო, რადგან მინდვრის საფარი ხელს არ უწყობდა ფეხბურთელებს. გოლი გავუშვით და სწორედ მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა თამაშის შეჩერება. დიდხანს მოგვიწია ლოდინი, დავბრუნდით, თუმცა პირობები არ გაუმჯობესებულა.
ყოველთვის მეტს ველით და გვინდოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და შეგვეძლო გოლის გატანა. მეტოქისგან განსხვავებით ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. სამწუხაროა, რომ ქულა მაინც ვერ ავიღეთ, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ.
nakrebi.ge