ახალგაზრდულმა ნაკრებმა, პორტუგალია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატი 3 ქულით დაიწყო!
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა, დინამო არენაზე გამართულ ტურნირის გახსნით მატჩში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
21-წლამდე ნაკრებმა ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა. გიორგი წიტაიშვილის პასით მეკარესთან პირისპირ გიორგი გაგუა გავიდა და ზუსტად დაარტყა. მეორე გოლი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ პირველ კომპენსირებულ წუთზე საბა საზონოვმა გაიტანა.
პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობა ჩვენმა გუნდმა მეორე ნახევარში შეინარჩუნა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველ 3 ქულასთან ერთად A ჯგუფში ლიდერობა მოიპოვა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ჰოლანდიისა და ბელგიის ნაკრებებს შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.
პორტუგალიის წინააღმდეგ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ეროვნული გუნდიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა – ირაკლი აზაროვმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. სამატჩო განაცხადში იყვნენ გიორგი მამარდაშვილი და ლუკა გაგნიძე.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 24 ივნისს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
რამაზ სვანაძე: „გილოცავთ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ 3 ქულის მხრივ, არამედ თავდაჯერებისთვის. მადლობა გულშემატკივარს იმ მუხტისთვის, რომელიც ტრიბუნიდან მოდიოდა. მათთან ერთად უფრო ძლიერები ვართ.
რთული თამაში იყო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც ტიტულისთვის არის ჩამოსული. დარწმუნებული ვარ, მათი გეგმები არ შეიცვლება, თუმცა გეგმები და მიზნები ჩვენც გვაქვს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი მაყურებლის და ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.
სასიხარულოა, რომ ორკვირიანმა მუშაობამ შედეგი მოიტანა. მზად ვიყავით თამაშისთვის და მადლობა ბიჭებს, რომ დავალება შეასრულეს და 3 ქულა ავიღეთ. დღეს გვაქვს სიხარულის საფუძველი, თუმცა ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება. ჯგუფში ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და ძალები რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ.
გუნდურობა, ერთიანობა, დავალებების შესრულება და უდიდესი სურვილი – ამ ფაქტორებმა განაპირობა დღევანდელი 3 ქულა. მაჟორულ ნოტაზე დავიწყეთ ტურნირი. რთული იყო, რადგან დებიუტანტები ვართ. ბევრი რამ მოხდა დღეს პირველად ჩვენ თავს. პორტუგალიასთან გამარჯვება სასიხარულოა, თუმცა არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მხოლოდ ამ თამაშით იცხოვრონ. ეს დასაწყისია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავახაროთ გულშემატკივრები.”
გიორგი გაგუა: “მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. ვიცოდით, რა უნდა დაგვეპირისპირებინა მეტოქისთვის. მწვრთნელების სწორი ტაქტიკით და თამაშის დაგეგმვით, მივაღწიეთ სასურველ შედეგს. მადლობა ბიჭებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს. ახლა კი, უნდა დავივიწყოთ დღევანდელი შეხვედრა და მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა გუნდურობამ და ერთიანობამ. დიდი ხანია ერთად მოვდივართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
nakrebi.ge