სუპერთასის ფინალში დინამო თბილისი და დინამო ბათუმი იასპარეზებენ
სლავა მეტრეველის სახელობის სუპეთასის ფინალში ერთმანეთს დინამო თბილისი და ბათუმის დინამო დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური წყვილების გამარჯვებულები 30 ივნისს, სამტრედიაში და თბილისში ჩატარებულ მატჩებში გამოვლინდნენ.
სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელმა ქუთაისის ტორპედომ ბათუმის დინამო მიიღო. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული შეხვედრის გამარჯვებულის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც ბათუმის დინამომ 6:5 მოიგო.
ტორპედო – დინამო ბათუმი 0:0 (პენ. 5:6)
პენალტების სერიაში გამოვლინდა მეორე ფინალისტიც. მიხეილ მესხის სტადიონზე დინამო თბილისმა გორის დილასთან შეხვედრაში ანგარიში 72-ე წუთზე, ულად ომარ იმრანის დარტყმით გახსნა. დილამ ანგარიში მსაჯის მიერ მე-5 კომპენსირებულ წუთზე, ონორე გომისის გოლით გაათანაბრა. 11-მეტრიანების სერიაში ფინალის საგზური დინამო თბილისმა მოიპოვა.
დინამო თბილისი – დილა 1:1 (პენ. 4:2)
ფინალური მატჩი, ისევე როგორც მესამე ადგილისთვის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ტორპედო და დილა დაუპირისპირდებიან, 4 ივლისს გაიმართება. ფინალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს, მესამე ადგილისთვის მატჩი კი ქუთაისში, შენგელია არენაზე გაიმართება.
04.07 20:00 დინამო თბილისი – დინამო ბათუმი
04.07 17:00 ტორპედო ქუთაისი – დილა გორი