დინამო ჩემპიონთა ლიგას ყაზახეთში დაიწყებს
დინამოელებმა დღეს ასტანა არენაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ ხვალ, თბილისის დროით 18.00 საათზე, ყაზახეთის დედაქალაქში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი გაიმართება.
დღევანდელ წვრთნამდე ასტანა არენას საპრესკონფერენციო დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.
მომავალი მატჩის შესახებ დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
გიორგი ჭიაბრიშვილი: არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც თამაშისგან გამარჯვებას არ ელის. ჩემი მოლოდინიც შესაბამისია – ხვალინდელი შეხვედრაში გამარჯვებას ველოდები. ძალიან სერიოზულად ვემზადებით, ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, ისიც ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმზე მეტი უნდა გავაკეთოთ.
ასტანას წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის შესახებ კომენტარი დინამო კაპიტანმა დავით სხირტლაძემ და ვიცე-კაპიტანმა ჯიმი ტაბიძემ გააკეთეს.
დავით სხირტლაძე: გუნდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ყველანი ოპტიმალურ ფორმაში ვართ. აქ ხვალ კარგი მატჩის ჩატარება ძალიან კარგი იქნება, რათა საპასუხო მატჩის წინ სასურველი უპირატესობა შევიქმნათ.
ჯიმი ტაბიძე: მატჩამდე ბოლო ვარჯიში გავმართეთ, კარგ განწყობაზე ვართ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ თამაშზე თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება.