ბოლნისის სიონმა მწვრთნელი გაუშვა და ამხანაგურები დაგეგმა

კობა ჟორჟიკაშვილი ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის, – ინფორმაციას ქვემოქართლური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

61 წლის სპეციალისტმა “სიონი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ახალგაზრდა მწვრთნელი გიორგი ოქროპირიძე შეასრულებს, რომელიც რამდენიმე წელია “სიონის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

ჟორჟიკაშვილის გარდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წავიდნენ სანდრო გულიაშვილი, საბა ნადირაძე, თემურ ბექაური, გოდერძი მაჩაიძე, თორნიკე მუზაშვილი.

ქვემოქართლელებმა შევსებაც მიიღეს, კერძოდ ამიერიდან ყვითელ მაისურს შემდეგი ფეხბურთელები მოირგებენ: თორნიკე მუმლაძე, ლევან ქურდაძე, გიორგი კოროფაძე.

გარდა ამისა ბოლნისის “სიონმა” ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმა. “სიონი” 10 ივლისს “საბურთალოს” შეხვდება, 11 ივლისს “ვარკეთილს” დაუპირისპირდება, 18 ივლისს საგარეჯოს “გარეჯს”, 26 ივლისს კი “დინამო 2-ს”. ყველა შეხვედრა ბოლნისში გაიმართება და 18:30 საათზე დაიწყება.