საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვოს 80:70 მოუგო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. უკრაინასთან სადებიუტო მარცხის შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა კოსოვოს სძლია. საქართველომ მეტოქე 10 ქულის სხვაობით – 80:70 (სტატისტიკა) დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსები ხელშესახები დატოვა.
ჩვენს გუნდს კოსოვოსთან საკმაოდ დიდი ბრძოლა გადახდა. პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 16:23 იგებდნენ, თუმცა მეორეში თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდნენ – 34:32. ეს უპირატესობა 6 ქულამდე გაიზარდა მე-3 პერიოდის შემდეგ, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში კოსოვოელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 66:66. აქ გარდამტეხი ეპიზოდი 2 სამქულიანი გახლდათ, რომელიც სერგი ნინუამ და გიორგი ოჩხიკიძემ მიყოლებით ჩააგდეს, საქართველო 72:66 დააწინაურეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაცხადდა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგიანობა ბაქარ ბერეკაშვილმა გამოავლინა, რომელმაც 23 ქულა, 15 მოხსნა და 2-2 პასი და დაფარება მიითვალა. 14 ქულა გიორგი ოჩხიკიძემ, 13 – სერგი ნინუამ, 12 – გიორგი სულაბერიძემ და 10 – გუგა ნაცვლიშვილმა მიითვალეს.
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 11 ივლისს, შვედეთთან გამართავს. სკანდინავიელები ფავორიტები არიან, რომლებსაც 2-დან 2 მოგება აქვთ. შვედეთმა ქართველების მძლეველ უკრაინას 83:80 მოუგეს