20-წლამდელები უკრაინასთან განადგურდნენ

საქართველოს 20 წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი მატჩი ჩაატარა და უკრაინასთან უშანსოდ – 55:82 წააგო.

ცუდი ის იყო, რომ ქართველ 20-წლამდელებს ერთ-ერთი ლიდერი ლუკა ლიკლიკაძეც დაუშავდათ, რომელმაც მე-3 მეოთხედში თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

მეტოქემ პირველ მეოთხედში 25:11 იმარჯვა და მართალია, კოტე ტუღუშის შეგირდებმა რამდენჯერმე სხვაობის ჩამორჩენა მოახერხეს, გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ მაინც არ დამდგარა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო გიორგი ნაცვლიშვილი იყო, რომელმაც 14 ქულას 8 მოხსნა წაამატა. გიორგი ოჩხიკიძეს 9 ქულა ჰქონდა, სერგი ნინუას, ბაქარ ბერეკაშვილს, ხსენებულ ლიკლიკაძესა და გიორგი სულაბერიძეს კი – 7-7.

ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდეს, განსაკუთრებით შესამჩნევი კი მოხსნებში ჩამორჩენა იყო: 38:59. ჩვენებს განსაკუთრებით დაუცველი საკუთარი ფარი ჰქონდათ. უკრაინელებმა შეტევაში მოხსნებში 26:11 გვაჯობეს.

დღესვე, C ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში შვედეთმა აზერბაიჯანი 102:50 გაანადგურა. ქართველი 20-წლამდელები 8 ივლისს კოსოვოს ეთამაშებიან, 11-ში – შვედეთს, ხოლო 12-ში – აზერბაიჯანს.