თელავი 14 ფეხბურთელს დაემშვიდობა

ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის შუა სეზონში გუნდების დაშლა-აწყობა ჩვეულებრივი ამბავია და აღარავის უკვირს. ბოლო წლებში ეს არც “თელავისთვის” არის უცხო – ისიც ხშირად იცვლის მწვრთნელებს, ფეხბურთელებს.

რა თქმა უნდა, ასეთ არასტაბილურ ვითარებაში რაიმე ხელშესახებ შედეგებზე ფიქრიც კი ზედმეტია. “თელავიდან” 14 ფეხბურთელი წავიდა! კლუბმა მადლობა გადაუხადა ყველას და წარმატებები უსურვა.

მაგრამ რამდენად იქნება წარმატებული ეს ნაბიჯი თავად “თელავისთვის” და რამდენად მოახერხებს გიორგი მიქაძე ახალი გუნდის ისეთ დონეზე შეთამაშებას მაინც, რომ გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწიოს და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

მხოლოდ გაგვიხარდება თუ ასე მოხდება, მანამდე კი, სანამ თელავური რევოლუციის შედეგებს ვნახავთ, იმ 14 ფეხბურთელის ვინაობას გაგაცნობთ, ვინც გუნდი დატოვა – ბოგდან ბეზკროვნი, თორნიკე დუნდუა, ზურაბ გიგაშვილი, ნიკოლოზ ნოზაძე, ვიტინიო, ნიკოლოზ ყიფიანი, რიჩარდ კულე მბომბო, ლაშა კოხრეიძე, ლაშა ქოჩლაძე, ალფონს კოჯო, გიორგი ომარაშვილი, გიორგი ილურიძე, ალექს კრისტიანი, გურამ ყაველაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ ზურაბ გიგაშვილი მონტენეგროს “მლადოსტში” გადავიდა, ნიკოლოზ ნოზაძე ქვედალიგელ “სიონში” გააგრძელებს კარიერას, ხოლო ვიტინიო და ნიკოლოზ ყიფიანი – ბათუმის “დინამოში”.

შეგახსენებთ იმ ფეხბურთელთა ვინაობასაც, ვინც ამ დღეებში გახდა “თელავის” ფეხბურთელი – ჯეფინიო (“სამგურალი”), გიორგი პაპუნაშვილი (“სამტრედია”), იევჰენ პროტასოვი (უკრაინა / “სუდუვა”, ლიეტუვა), გურამ გოშთელიანი (“საბურთალო”), გუტიერი ტომელინ გუტი (ბრაზილია / “ჰაპოელი”, ისრაელი), სტეფან დიმიჩი (“რადნიჩკი”, სერბეთი), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი (“შუქურა”), თორნიკე მორჩილაძე (“დინამო” თბილისი), გიორგი ქანთარია (“ქიაფაზი”, აზერბაიჯანი), ამარ ბეგიჩი (“ბორაცი”, ბოსნია), ფირუზ გაბიტაშვილი (“დინამო” თბილისი).

 

Lelo.ge