ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთი დაამარცხა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა. ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო – 5:0.

საქართველოს ნაკრების რიგებში გატანილი გოლები თინათინ ამბალიას, ნათია დანელიას, ხატია ჭყონიას, თეონა ბაქრაძის და ნინო პასიკაშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს და სომხეთის ეროვნული გუნდების მეორე ამხანაგური შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათაზე დაიწყება.

💬 ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგი სტაფი გვყავს, რომელიც გუნდური მუშაობის შედეგად იღებს გოგონებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს. შევარჩიეთ ფეხბურთელები, რომლებსაც თავდაუზოგავად მუშაობა სურთ. ფეხბურთელების ხარისხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ ყოვლისა, მთავარია ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი. არ გვყავს ბევრი მოთამაშე, თუმცა შეკრებაზე გოგონებმა ძალიან ბევრი იშრომეს და დაიჯერეს, რომ რაღაცების შეცვლა შეუძლიათ. ყველაფერი მათ ხელშია.

დღევანდელი მატჩი კარგი დასაწყისია, თუმცა შემდეგ ნაბიჯებზე უნდა ვიფიქროთ. ამ საფეხურზე გაჩერება ეროვნულ გუნდში სათამაშოდ და ერთა ლიგაზე საასპარეზოდ საკმარისი არ იქნება. ასე რომ, დღევანდელი გამარჯვება კარგი იყო თავდაჯერებისთვის და რწმენისთვის. ნებისმიერი მოგება სასიამოვნოა, თუმცა პროფესიონალებად უნდა დავრჩეთ. მოგება მიყვარს და გოგონებს ვუთხარი, რომ გამარჯვების გემოს არაფერი შეედრება. მინდა, რომ ფეხბურთელებმა ეს იგრძნონ და დამატებითი მოტივაცია მიიღონ”.