ხვალ დინამო ასტანას დაუხვდება

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან“ განმეორებით შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირსპირებაზე ისაუბრა.

„არ მიყვარს მიზეზების მოყვანა, თუმცა ყაზახეთში ჩატარებული მატჩი ძალიან არ მომეწონა. განსაკუთრებით რთული პირველი ტაიმი გამოდგა, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე, თანაც ძლიერ სიცხეში თამაშს შეუჩვევლები ვართ. „დინამო არენაზე“ კი ადაპტაციის პრობლემა არ გვექნება და გულშემატკივრის მხარდაჭერასაც დიდი მნიშვნელობა ექნება.

ეს ორი თანაბარი გუნდის დაპირისპირებაა, მაგრამ „ასტანას“ ევროტურნირების ჯგუფში ბევრჯერ უთამაშია და უფრო გამოცდილი გუნდია. ჩვენი პლუსი კი ისაა, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებული.

გიორგი მოისწრაფიშვილი ასტანაში სათამაშოდ მზად არ იყო. ახლა მან და ზორან მარუშიჩმაც ივარჯიშეს, თუ შეძლებენ თუ არა ხვალ გუნდის დახმარებას, დღევანდელი ვარჯიში გვაჩვენებს. თორნიკე კირკიტაძეს კი, სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმა აქვს და შესაძლოა უახლოესი სხვა მატჩებიც გამოტოვოს.

ლორიას დამატება ჩემი სურვილი იყო და რომან ფიფიას დახმარებით განხორციელდა. მიმაჩნია, რომ „დინამოში“ ჩემი საქმიანობის ერთწლიან პერიოდში, ეს ყველაზე სასურველი ტრანსფერი იყო, რადგან დავიმატეთ ძლერი მეკარე, რომელმაც გუნდს თავდაჯერებულობაც შემატა. ის ჩვენთვის ნახევარი გუნდია“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

ყაზახებთან მატჩზე კომენტარი გააკეთა „დინამოს“ მოთამაშემ, რომელიც პრესკონფერენციაზე თბილისელთა მთავარ მწვრთნელთან ერთად იმყოფებოდა.

„დინამო თბილისის“ და „ასტანას“ პირველი მატჩი ყაზახეთში 1:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19 ივლისს გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.