ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა
მინდა გამოვეხმაურო დინამო ბათუმის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ეტაპზე ეს კლუბი და მისი ინტერესები არის, იყო და იქნება ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობს დინამო ბათუმის თითოეული გულშემატკივარი, რადგან ეს კლუბი ეკუთვნის ბათუმს და ბათუმელებს.
ჩემი და ჩემი მეგობრების კლუბში მოსვლის დღიდან დღევანდელობამდე ჩვენ ერთად ბევრი სირთულე გადავლახეთ და გუნდისგან, რომელიც არსებობისთვის იბრძოდა ჩამოვაყალიბეთ ბრძოლისუნარიანი და ძალიან წარმატებული კლუბი. დინამო ბათუმი ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველთვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის ჩემპიონობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. ჩვენი კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებების და ბათუმში შექმნილი ჭეშმარიტი საფეხბურთო ზეიმის გამოძახილი არის ის, რომ აჭარის რეგიონმა და კერძოდ ბათუმმა ძალიან ბევრი საერთაშორისო სპორტული ჯილდო თუ აღიარება მოიპოვა. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა და გულშემატკივრის ოცნებები რეალობად აქცია.
აქვე მინდა შევეხო მთავარი მწვრთნელის საკითხს… ბატონი გია გეგუჩაძის წვლილი დინამო ბათუმის ბოლო პერიოდის წარმატებებში არის განუზომელი. ისევე როგორც ჩვენი ფანკლუბის – “პირატები”-ს თითოეული წევრის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ცალკეულ ადამიანებს და კომპანიებს უანგარო მხარდაჭერისთვის: კლუბის საპატიო პრეზიდენტს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ლიქსინ გრუპს, კროკობეთს, ევროპაბეთს და სხვა უამრავ ადამიანს ვინც სხვადასხვა ეტაპზე დინამო ბათუმის დახამრების სურვილს გამოთქვამდა და გამოთქვამს. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი სიხარული და იმედგაცრუება გამოვიარეთ.
გასული წლის ბოლოს თქვენთან ერთად განვლილი 5 წელი შევაჯამეთ და ახალი მიზნები დავისახეთ, მთავარ მიზნად საქართველოს ეროვნული ლიგის მოგება და კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ჩემპიონების რანგში აღნიშვნა განვიზრახეთ. ასევე ჩვენი ჯერაც აუხდენელი ოცნების – დინამო ბათუმის საფეხბურთო აკადემიის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა დავაანონსეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ორივე მიზანი გეგმაზომიერად ხორციელდება, გუნდი ეროვნულ ლიგაში პირველ საფეხურზეა, დინამო ბათუმის აკადემიიდან კი ახლახანს პირველ გუნდში ჩვენი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი დავით ფაღავა დაწინაურდა.
ძვირფასო გულშემატკივრებო მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით მიმდინარე ეტაპზე ჩვენს ერთობაში ნებისმიერი რყევა და განხეთქილება იქნება დამაზიანებელი კლუბისათვის და დაგვაშორებს მთავარ მიზანს. შედეგების შეფასების დრო, ევროსეზონის გათვალისწინებით აუცილებლად გვექნება სეზონის ბოლოს და დარწმუნებული ვარ ერთად დავსახავთ უფრო ამბიციურ მიზნებს და აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება.
აქვე მინდა დავძინო, რომ კლუბის მენეჯმენტი და პირადად მე მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჯგუფთან შესახვედრად და დინამოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ.
პატივისცემით:
არჩილ ბერიძე
დინამო ბათუმის პრეზიდენტი