ეროვნული ნაკრები მზადებას შეუდგა
13 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე საწვრთნელ პროცესს 14 ნოემბერს შეუერთდებიან. ტრავმის გამო, შეკრებას გაბრიელ სიგუა გამოტოვებს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ და 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გამარტავს. მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ და ეროვნულ გუნდში ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ოთარ კაკაბაძემ ისაუბრეს.
💬 გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, თუმცა ხვალ ყველა ფეხბურთელი შემოგვიერთდება. მიუხედავად მოკლე დროისა, ვეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ ორი რთული თამაშისთვის. განწყობისთვის გვჭირდება, რომ ძალიან კარგად ჩავატაროთ ეს მატჩები. რთული იქნება, თუმცა ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. იმედი მაქვს, ეს შეკრება კარგად ჩაივლის”
💬 ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): “ბედნიერი ვარ დაბრუნებით. ტრავმის გამო სამი თვე გამიცდა და ახლა ძალიან მოტივირებული ვარ. ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის. რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩებია, რადგან ეს ბოლო შეკრებაა მარტის პლეი-ოფამდე”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)