საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ მეხუთე კალათაში (სულ რვა კალათა) გახლდათ განთესილი და ცნობილი იყო, რომ მოწინააღმდეგეები პირველი, მეოთხე და მერვე კალათიდან შეხვდებოდნენ.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე G ჯგუფში მოხვდა სერბეთის, ფინეთისა და დანიის ნაკრებებთან ერთად.
ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სამი ნაკრები გადის. ჩვენს ჯგუფში არის ტურნირის მასპინძელი ფინეთი, რომელსაც ავტომატურად ეკუთვნის ჩემპიონატის საგზური. ასე რომ, ამ ოთხეულიდან ფინალურ ეტაპზე, ფინეთის გარდა, ორი საუკეთესო ნაკრები გავა. მაგალითისთვის, თუ ფინეთმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფის პირველ და მესამე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.
2025 წლის კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპი სამ სანაკრებო ფანჯარაში ჩატარდება. პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, მეორე – 2024 წლის 18-26 ნოემბერს, ხოლო მესამე – 2025 წლის 17-25 თებერვალს. თითოეულ ფანჯარაში ნაკრებები 2-2 თამაშს ითამაშებენ.
ევრობასკეტის ფინალური ეტაპი 2025 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ტურნირს ოთხი ქვეყანა – კვიპროსი, პოლონეთი, ლატვია და ფინეთი უმასპინძლებენ.