ანდრეი დემჩენკომ აპოელთან მატჩი შეაფასა

ანდრეი დემჩენკომ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.
“ასეთი თამაშების წაგება სასიამოვნო არაა. აპოელი თავს ძალიან კარგად იცავდა, მეკარემ ძალიან მაგარი ბურთები აიღო. უნდა შევაქო მეტოქე, ზონები გადაკეტეს. მომენტები მაინც გვქონდა, თუმცა ფინიშის დროს საშემსრულებლო ოსტატობა დაგვაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, სამწუხაროდ, ორივე გოლი საკუთარ კარში გავიტანეთ და წაგების გამო განსაკუთრებით იმედგაცრუებული ამიტომ ვარ. ჩვენ რობოტები არ ვართ, ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ განტევების ვაცი არ მოეძებნათ და ერთ ოჯახად დავრჩენილიყავით. აპოელ-მა თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენი კაპიტანი გააძევეს. იქამდე, მათგან განსაკუთრებული ხიფათი არ მოდიოდა”.
“მეტ-ნაკლებად კარგად ვითამაშეთ, აპოელ-ი ცენტრს აქეთ 4-5-ჯერ გადმოვიდა და ორი გოლი გაგვიტანეს. მათ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. სტანდარტულებზე უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ, რადგან ორივე ბურთი სტანდარტების შემდეგ გავუშვით. სამწუხაროა, რომ სანტოსი საპასუხო შეხვედრაში არ იქნება, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ. წინა ეტაპებზეც პირველ მატჩებში დავმარცხდით, თუმცა დუელის ბედი ჩვენ სასარგებლოდ შემოვატრიალეთ. ვეცდებით, საგარეო შეხვედრისთვის რაღაც მოვიფიქროთ და ვეცადოთ, რომ თამაში მოვიგოთ”.
“ვორსკლას წინააღმდეგაც მეორე ტაიმის ბოლოს კარგად არ გვითამაშია, რადგან დავიღალეთ და ორი ბურთი გავუშვით. შესაძლოა, ამინდმაც იმოქმედა, მაგრამ იმას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ დიდი რესურსი არ გაგვაჩნია, მოკლე სკამი გვაქვს. თუმცა, რაც არის, იმის მიხედვით უნდა ვითამაშოთ. საპასუხო მატჩებში ვაჩვენეთ, რომ ძალები გვაქვს, თამაშების მოგება შეგვიძლია, მაღალ დონეზე თამაში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ და იმედი მაქვს, რომ კვიპროსში ასეთი სიცხე არ იქნება და როგორც დღეს მოგვიწია, საწყისი წუთებიდან ენერგიას ასე არ დავხარჯავთ”.
შანსები ყოველთვის არის და რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებთ. უნდა ვთქვა, რომ როცა მეტოქის თამაშს სხვადასხვა პლატფორმაზე სწავლობ, ეს სრულ სურათს არ გვაძლევს. დღეს მოწინააღმდეგე საქმეში ვიხილეთ და მათ შეხვედრას უკეთ გავაანალიზებთ, ჩვენს შეცდომებს, რა უნდა შევცვალოთ. როცა ვორსკლას თამაში ვნახეთ, სხვა წარმოდგენა შეგვექმნა, ხოლო როცა მათ წინააღმდეგ ჩავატარეთ მატჩი, სულ სხვა. ის თამაში გავაანალიზეთ და საინტერესო რაღაცები მოვიფიქრეთ. ვეცდებით, აპოელ-ის წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრაშიც იგივე გავაკეთოთ.
“კვიპროსულ მატჩში ცვლილებები იქნება. დაცვის ცენტრში თევზაძე, ძოწენიძე და ეტოუ გვყავს. ვფიქრობ, ამ სამეულიდან ერთ-ერთი ნახევარდაცვაში აიწევს. ძოწენიძე ხშირად ადის ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა ცენტრალური მცველობა და 6-ნომერზე თამაში ერთმანეთისგან სრულად განსხვავდება. ანდრონიკაშვილიც გყავს, თუმცა ახლა მოვიდა და შრომა სჭირდება, თუმცა მუშაობის შედეგად, დარწმუნებული ვარ, კარგ ფეხბურთელს მივიღებთ. ჩვენ გვჭირდება 2 გოლი და დუელის ბედის შემოტრიალება. დავჯდები, ვიფიქრებ და ვნახოთ რა გამოვა, ვეცდები რამე ისეთი მოვიფიქრო, რითაც მეტოქეს ვაჯობებთ. ვორსკლასთან მატჩშიც გვქონდა ცვლილებები, ჩიტეიშვილი სრულად არასტანდარტულად მოქმედებდა და საპასუხო მატჩში ეს ნაბიჯი გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა. მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ “დინამო არენაზე” მოვიდნენ და მხარს გულმხურვალედ გვიჭერდნენ. საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო და ეს ძალიან სასიამოვნო გახლდათ”.
FCDILA.GE