საქართველო – კვიპროსი | ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი თბილისში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩს თბილისში, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩაატარა. ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს გიორგი ქოჩორაშვილმა უპასუხა.

💬 ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ტაილანდთან ამხანაგური შეხვედრის მსგავს მატჩებში, ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის სასტარტო წუთები. პირველი ტაიმში ფეხბურთელებმა მაღალი ინტენსივობით ითამაშეს და კონცენტრირებულები იყვნენ, რამაც თამაში გაგვიადვილა. ვიცით, რომ კვიპროსთან განსხვავებული მატჩი გველის. მეტოქე ძლიერია, თუმცა ფეხბურთელებისგან იგივე მიდგომას ველი. სწორედ ასე შევძლებთ თამაშის ჩვენ სასარგებლოდ წარმართვას.

კვიპროსში რთული თამაში გვქონდა, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს. გუნდებს შორის სხვაობა შემცირებულია. შესაძლოა, კვიპროსთან საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია, თუმცა, რაც მთავარია, სამი ქულა მოვიპოვეთ. კვიპროსთან გასვლითი თამაში კარგად დავიწყეთ და იმავეს ველი ხვალ. ვეცდებით, ხვალ ნაკლები შეცდომა დავუშვათ. ფეხბურთელებმა იციან, რომ რთული მატჩი გველის, რადგან მეტოქეს სურს ქულების აღება. ასე რომ, ჩვენი მიზანია თამაში რთული მეტოქისთვის გავხადოთ”.
საქართველოს და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 15 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ნაკრებში გამოძახებული გაბრიელ სიგუა 15 ოქტომრიდან 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდება და შვედეთთან მატჩისთვის მოემზადება.