ბათუმის დინამო ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა

ბათუმის “დინამომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს ჩემპიონი, ჯერჯერობით, არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. დაგეგმილია პირველი ამხანაგური მატჩიც – 18 იანვარს ბათუმელები ეროვნულ ლიგაში ახლახან აღზევებულ ფოთის “კოლხეთს” შეხვდებიან. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და ჯონი ბაკურიძის სახელობის სტაიდონზე ჩატარდება.

კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, 20 იანვარიდან 2 თებერვლის ჩათვლით გუნდი ზამთრის პირველ საწვრთნელ შეკრებას ანტალიაში (თურქეთი) გაივლის. იქვე დაგეგმილია სამი ამხანაგური მატჩიც – პოლონური “ტერმალიცას” (24 იანვარი), ჩრდილომაკედონიური “შკენდიასა” (28 იანვარი) და პოლონური “ზაგლემბიეს” (1 თებერვალი) წინააღმდეგ.

ამის შემდეგ გუნდი ბათუმში დროებით დაბრუნდება, დაისვენებს და 7 თებერვლიდან კვლავ ანტალიაში გააგრძელებს შეკრებას, სადაც 21 თებერვლამდე დარჩება და კიდევ ოთხ საწვრთნელ მატჩს გამართავს.

ამჯერად, ბათუმის “დინამოს” მეტოქეები იქნებიან უკრაინული გუნდები – “კოლოსი” (11 თებერვალი) და “ზორია” (14 თებერვალი), ასევე, ლატვიური “რიგა” (20 თებერვალი). კიდევ ერთი ამხანაგური მატჩის მეტოქე და თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტი არჩილ ბერიძე კი გუნდის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ლუკა ქაფიანიძე, პაატა ღუდუშაური, მამუკა კობახიძე, ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე ფაცაცია, როინ კვასხვაძე, ლუკა ხარატიშვილი, ლევან ჟორდანია, დავით მუჯირი, ლევან ხარაბაძე, ალეფ სანტოსი, ონორე გომისი და ვანდერსონ სილვა, ასევე საკლუბო აკადემიიდან დაწინაურებული ახალგაზრდები – მეკარე ზურაბ თურმანიძე, მცველი დავით ფაღავა და ნახევარმცველი გიორგი ფუტკარაძე. ბერიძემ და მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ილაპარაკა:

“მთავარია, გუნდი ერთი ოჯახის პრინციპით შევინარჩუნოთ. ეს განვლილი 6 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ და ახლა ეს ყველაზე მეტად თქვენზე იქნება დამოკიდებული. მამუჩ (მიმართავს ლადო მამუჩაშვილს – ავტ), მადლობა მინდა გადაგიხადო შენი ერთგულებისთვის, რაც შენ ამ გუნდს დაუმტკიცე. კობახ (მამუკა კობახიძე – ავტ) შენზეც იმავეს ვიტყვი…

მე ვფიქრობ, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისგანაც ბათუმის “დინამოს” ნებისმიერმა გულშემატკივარმა მაგალითი უნდა აიღოს. იმედი მაქვს, ახალწვეულებთან ერთად შევკრავთ გუნდს და ისევ ისეთი ერთი ოჯახი ვიქნებით, როგორც აქამდე ვიყავით”, – თქვა კლუბის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ბათუმის “დინამო” დაემშვიდობა ჯოვინო ფლამარიონს, გრიგოლ ჩაბრაძეს, გიორგი ზარიას, მათე ვაწაძეს, ალექსანდერ იაკობსენს, ანტონ ჩიჩკანს, გიორგი ბეგაშვილს, გიორგი რეხვიაშვილს, საშა ბალიჩს და თორნიკე კაპანაძეს.