სუპერლიგის ყოველ ტურში საუკეთესო მოთამაშე და სიმბოლური ხუთეული გამოვლინდება

საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტურის სიმბოლურ ხუთეულში გურჯაანის დელტას 2 მოთამაშე მოხვდა, დანარჩენი 3 კალათბურთელი კი თსუ-ს, ტყიბულის ორბს და თბილისის რაშს წარმოადგენენ. ლაპარაკია სიახლეზე, რომელიც სუპერლიგაში დაინერგა და რისი მიზანიც მოთამაშეთა მოტივირება, შედეგიანთა გარჯის აღნიშვნა-დაფასება და ზოგადად, ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაა. სიმბოლურ ხუთეულთან ერთად შეირჩევა ტურის საუკეთესო მოთამაშე – ეგრეთწოდებული MVP.

საუკეთესოთა გამორჩევის პრინციპი არითმეტიკულია. რომელ მოთამაშესაც სარგებლიანობის მაღალი კოეფიციენტი ექნება, სიმბოლურ ხუთეულშიც ის მოხვდება. არ აქვს მნიშვნელობა, მისი გუნდი წააგებს თუ მოიგებს – ტურის საუკეთესო სარგებლიანობის მქონე 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1 ცენტრი სიმბოლურ ხუთეულს შეადგენენ. რაც შეეხება MVP-ის, ის მხოლოდ მოგებული გუნდის წევრი უნდა იყოს. შესაბამისად, ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდება სიმბოლური ხუთეულის ის წევრი, რომელსაც გამარჯვებულ კალათბურთელებს შორის ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი ექნება. ეს პრინციპი არ იმოქმედებს, თუკი სიმბოლურ ხუთეულში ყველა მოთამაშე წაგებული გუნდებიდან იქნება.

მოგეხსენებათ, სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 22 ტურია და შესაბამისად, სიმბოლური ხუთეულიც და MVP-იც 22-ჯერ გამოვლინდება. თუკი რომელიმე ტურის მატჩი მიზეზთა გამო გადაიდება, იმ ტურის საუკეთესოები მანამ არ გამოვლინდებიან, სანამ ტურის ყველა (ხუთივე) მატჩი არ ჩატარდება.

რაც შეეხება სარგებლიანობის ინდექსს, ეს გახლავთ კალათბურთის თამაშის მსვლელობისას ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის გამაერთიანებელი შედეგი. შესაძლოა, კალათბურთელს ბლომად ქულა-მოხსნები ჰქონდეს, მაგრამ სარგებლიანობის ინდექსით გაცილებით ნაკლების მქონემ აჯობოს, რადგან თითოეული აცილებული ბურთი, ჯარიმა და დაკარგვა გარკვეულ ქულას აკლებს გამაერთიანებელ (სარგებლიანობის) მაჩვენებელს.

სამაგალითოდ თუნდაც გასული ტურის ერთი შემთხვევა გამოდგება: სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა მოთამაშე, რომელსაც მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა მოპოვებული. რაშის წევრმა მაჯურ მაჯაკმა 10 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 5 დაფარებაც მიითვალა, არც საჯარიმო ააცილა და არც ორქულიანი, ჯამში კი დელტელ ჯორდან სვოპშირთან ერთად ტურში სარგებლიანობის ყველაზე მაღალი (26) კოეფიციენტი დააგროვა. ის MVP-იც გახდებოდა, მის გუნდს რომ მოეგო (გურჯაანთან 81:90 დამარცხდა). აქვე გავიხსენოთ წინა ტური, რომელშიც მარგვეთის უკანახაზელმა, სანდრო სანაძემ 34 ქულა მიითვალა, მაგრამ სიმბოლურში ვერ მოხვდა, რადგან სარგებლიანობის კოეფიციენტით (20) მას სხვა უკანახაზელებმა – ლუკა მაზიაშვილმა (ამრა) და რეჯი მესიდორმა (ივერიონი) აჯობეს.

რაც შეეხება MVP-ის, პირველი ტურში საუკეთესო ქუთაისელი გიორგი კორსანტია გახდა, რომელმაც გურჯაანში მოგებულ მატჩში სარგებლიანობის უმაღლესი ინდექსი – 37 გაიფორმა. მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას 26-იც ეყო და ეს შედეგი გურჯაანის ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯორდან სვოპშირმა დააფიქსირა.

მე-3 ტური 25, 26 და 27 ოქტომბერს გაიმართება და ცხადია, საუკეთესოებიც ამ თარიღებში დაგეგმილი 5 მატჩის შედეგად გამოვლინდებიან.