გოგა ბითაძემ ლეიკერსთან მოგებულ შეხვედრაში ორმაგი დუბლი გაიფორმა
გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში ათამაშეს და ორლანდოს ქართველმა ცენტრმა დაამტკიცა, რომ გუნდის სასტარტო ცენტრზე, ვენდელ კარტერზე ნაკლები არაფრითაა. ნაკლები კი არა, ბითაძემ მოედანზე ყოფნის არასრულ 26 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა და (5) დაფარება მიითვალა. ყველა ეს შედეგი იმაზე მეტია, რასაც კარტერი მიმდინარე სეზონში სასტარტო ხუთეულში თამაშისას საშუალოდ ითვლის. ქულა-მოხსნები კარგი და, კარტერს ამ სეზონის 5 მატჩში (147 წუთში), რომელშიც სასტარტო იყო, ჯამში 2 დაფარება აქვს გაკეთებული. ბითაძეს შანსი მიეცა, სასტარტოში ითამაშა და კარტერის მიმდინარე სეზონის მთლიანი შედეგი 26 წუთში 250 პროცენტით გადაფარა.
კარტერმა მარცხენა ხელის ტრავმა მიიღო, საოპერაციოა და მწვრთნელმა ორლანდოს სასტარტო ცენტრის ადგილი ბითაძეს ერგო. თანაც ლოს ანჯელეს ლეიკერსთან მატჩში, რომელსაც ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი (ენტონი დევისი) და ცოცხალი ლეგენდა, უნივერსალი კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი ჰყავს. ბითაძემ ტოლი არავის დაუდო და საკუთარი სტატისტიკით ხომ თავი ისახელა, მისმა გუნდმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 120:101 (სტატისტიკა).
გოგა ბითაძემ 5 დაფარება შემდეგ კალათბურთელებზე ამ თანმიმდევრობით მიითვალა: ენტონი დევისი, ლებრონ ჯეიმსი, ჯემ რედიში, ჯექსონ ჰეისი და დ’ანჯელო რასელი. შესანიშნავი ხუთეულია, ვერაფერს ვიტყვით. ამას გარდა, ბითაძემ ორმაგი დუბლი გაიფორმა და მოგროვებულ 10 ქულას 10 მოხსნაც მოაყოლა. გოგამ 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. ბევრად შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა დევისმა (28 ქულა, 13 მოხსნა, 7 დაფარება), მაგრამ მისი და გოგას როლები საკუთარ გუნდში დიდად განსხვავდება. ისევე როგორც ლებრინ ჯეიმსის, რომელიც შეტევათა უმეტესობას თავად ასრულებს. ლებრონმა 24 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, თუმცა მისმა ლეიკერსმა საბოლოოდ 19 ქულით წააგო.
დავუბრუნდეთ ბითაძეს, რომელსაც 10 ქულასთან, 10 მოხსნასთან და 5 დაფარებასთან ერთად 2 პასიც ჰქონდა და ეს ისე მოახერხა, ბურთი არ დაუკარგავს. ბითაძე მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის გასულ მატჩებში 3-ჯერ გამოჩნდა მოედანზე და ჯამში ნათამაშებ 10 წუთში 8 ქულა ჩააგდო. კარტერი საოპერაციოა და როგორც დაიწერა, 3 კვირა იუქმებს. ბითაძეს საკმარისი დრო ექნება, არაერთხელ დაამტკიცოს, რომ სასტარტო ხუთეულის კალათბურთელია.
ორლანდოს ამასობაში 2 წაგების წილ 4 მოგება დაუგროვდა და 2 წაგების წილ აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოსტონის, ფილადელფიასა და ატლანტას შემდეგ საპატიო მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ორლანდოს 6 ნოემბერს, შინ დალას მავერიკსთან ელის.
gbf.ge