გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა
გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. ქართველი ცენტრი, რომელიც ძირითადი ცენტრი ტრავმის გამო ორლანდოს სასტარტოში ჩაჯდა, პირად რეკორდებს აუმჯობესებს. ბითაძემ მორიგი მატჩი დაიწყო სასტარტო ხუთეულში, რომელიც ორლანდომ ჩიკაგოში გამართა და ორმაგი დუბლი მიითვალა. გოგამ ეს ისე მოახერხა, რომ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი – 15 ქულა დააგროვა.
ჩიკაგოში გამართული მატჩი დრამატული გამოდგა. ორლანდომ “ბულსი” ბოლო წამზე – 96:94 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი, ამჯერადაც, სასტარტო ხუთეულში იყო და 26:10 წუთი ითამაშა. ამ დროში მან ორმაგი დუბლი 15 ქულითა და 11 მოხსნით გაიფორმა, მის ანგარიშზე ასევე 2 ასისტი და 2 ჩაჭრაა. აღსანიშნავია, რომ გოგასთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე ორმაგი დუბლია, ქულათა ამდენი მაჩვენებელი კი წელს მან პირველად დააფიქსირა. ბითაძემ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ერთხელაც არ უსვრია. მას ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და მეტოქის წინააღმდეგ ხუთჯერ დაჯარიმდა.
შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდელებმა მეორე მეოთხედში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ჩიკაგომ მაინც მოახერხა მატჩის შემოტრიალება და საბოლოო სირენამდე 7.5 წამით ადრე ზაკ ლავინმა სამქულიანით ანგარიშიც გაათანაბრა. მაგრამ ოვერტაიმი მაინც არ დაინიშნა, რადგან ბოლო შეტევა ზუსტად პაოლო ბანკერომ გამოიყენა, რომელმაც “ბაზერბითერი” ჩააგდო.
ორლანდოდან გოგაზე შედეგიანი ორი კალათბურთელი იყო – 17 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა, ენტონი ბლექს კი 16 ქულა ჰქონდა. ბულსის მხრიდან 19 ქულა ზაკ ლავინმა დააგროვა, ნიკოლა ვუჩევიჩის ანგარიშზე კი 16 ქულაა.
ჯამალ მოსლის გუნდი ამ მოგების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. მეჯიქი შემდეგ შეხვედრას 18 ნოემბერს ისევ ჩიკაგოსთან გამართავს.