თელავმა ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის დინამო დაამარცხა

ახალი ჩემპიონატისთვის მზადების პროგრამით თბილისის “დინამომ” და “თელავმა” ამხანაგური მატჩი გამართეს. კახურმა კლუბმა 2:1 გაიმარჯვა.

არადა, თავიდან თბილისის “დინამო” 36-ე წუთზე, დავით სხირტლაძის გოლით დაწინაურდა, თუმცა გაშვებული გოლიდან მალევე კახელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. “თელავმა” მატჩის 43-ე წუთზე ელდარ პარკინაშვილის გოლით წონასწორობის აღდგენა შეძლო. ხოლო მეორე გოლი შეხვედრის 78-ე წუთზე ტატო ჟივიძის პასით, სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელმა გაიტანა.

“თელავის” ახალმა მწვრთნელმა ოლეგ ვასილენკომ შერეული შემადგენლობა ათამაშა, “დინამომ” კი “ლოკომოტივის” (0:2) შემდეგ მეორე ამხანაგაური შეხვედრაც წააგო.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას თელავი საგარეჯოს “გარეჯის” წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

31 იანვარს “თელავი” ამხანაგურ შეხვედრას “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.