ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა

საქართველოს თასის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა, რომელმაც თბილისი არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში 83:76 დაამარცხა ტიტულის მოქმედი მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-მ თასი შარშან, აპრილში ასწია, როცა ფინალურ მატჩში ნახევარფინალიდან ქუთაისელთა გამგდები გორის “ივერიონი” დაამარცხა. უნივერსიტეტელები ტიტულის შენარჩუნებას დიდად ეშურებოდნენ და ფინალურ მატჩში ქუთაისელებს დიდი ბრძოლაც გაუმართეს.
თსუ-ს აკლდა ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც 12 აპრილს, გურჯაანთან მატჩში ტრავმა მიიღო. ქუთაისი სრული შემადგენლობით იყო და ამის გათვალისწინებით ფავორიტის სტატუსი ოდნავ იმერული კლუბისკენ იხრებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა და საბრძოლოდ შემართულმა თსუ-ელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს, თითქმის მთელი 3 პერიოდი ქუთაისელებს ამარცხებდნენ და ძალები ბოლო პერიოდში არ ეყოთ.
ეს იყო უფრო ტაქტიკური დაპირისპირება. მეტი ყურადღება დაცვაზე, რაც სიხისტის კვალს ატყობდა თამაშის მსვლელობას. ქუთაისელები ბოლო პერიოდამდე უმეტესად მდევრის როლში იყვნენ, თსუ-ს მოთამაშეები საშემსრულებლო ოსტატობით იხვეჭდნენ ქულებს და პერიოდულად ცდილობდნენ ფარქვეშ ბურთი გიგანტი კარსონ ბაშამისთვის მიეწოდებინათ. ბაშამს ფარქვეშ მედგრად ეპაექრებოდა აკაკი დვალიშვილი, რომელსაც გიორგი კორსანტიაც ენაცვლებოდა. ერთიანი ძალებით პირველ ნახევარში აქტიური კარსონი ქუთაისელებმა გააჩერეს, თუმცა მხოლოდ ეს ხომ არ იყო.