საკანდელიძე-ქორქიას მე-19 მემორიალი ოლიმპიურ სასახლეში 4 მატჩით გაიხსნა
ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირი 15 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. რიგით მე-19 გათამაშებაში ბათუმის გარდა სუპერლიგის ყველა გუნდი მონაწილეობს.
A ჯგუფში თავი თსუ-მ, გორის ივერიონმა, რუსთავმა და რაშმა მოიყარეს, B ჯგუფი გურჯაანის დელტამ, ორბმა და კავკასიამ შეადგინეს , ხოლო C ჯგუფი ქუთაისმა, გაუ-მ და მარგვეთმა შეავსეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და პლუს 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.
მემორიალის მოქმედი ჩემპიონი “რუსთავია”, რომელმაც 2023 წლის 9 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “მეგა” დაამარცხა. მთლიანობაში რუსთაველებს საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალი ყველაზე მეტჯერ – ექვსჯერ აქვთ მოგებული.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის 4 შეხვედრა დღეს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
C ჯგუფი | გაუ vs მარგვეთი (ზესტაფონი)
სტატისტიკა: 74:87
სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ გაუ-ს მარგვეთზე 3-ით მეტი გამარჯვება აქვს და ცხრილშიც გვარიანად უსწრებს. მემორიალის შეხვედრაში კი ზესტაფონურმა გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. არადა, გუნდებში ცვლილებები არ არის. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა მეტოქეს წარმატების შანსი არ მისცა.
ზესტაფონელებმა ზუსტად იმის ხარჯზე მოიგეს, რაც მათ ძლიერ მხარედ ითვლება. ეს გახლავთ შორი სროლები და მათი ტანმაღალი ცენტრის – ტაიშონ კროუფორდის ფარქვეშ დომინირება. მართალია, ამერიკელმა გიგანტმა (216 სმ) ქულების ხვეჭა უხვად ვერ შეძლო, თუმცა აცილებული ბურთების მოხსნაზე კარგად იმუშავა.
მთავარი მაინც მაიკლ მეისის სამქულიანები იყო. ზესტაფონელთა ამერიკელმა გამთამაშებელმა 9 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო, რითაც მებრძოლ გაუ-ს წარმატების შანსი არ მისცა. საკვანძო გამოდგა მე-3 პერიოდი, რომელიც ზესტაფონელებმა 21:15 მოიგეს და უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდეს. გაუ-სთვის ამ ჩამორჩენის გაბათილება შესაძლებელი იყო, თუმცა მარგვეთის დამცველთა გააზრებული თამაშის პირობებში ეს ვერ მოახერხეს.
მარგვეთში 28 ქულით საუკეთესო იყო მაიკლ მეისი. ლუკა ზაქრაძემ 17 ქულა მოაგროვა, ხოლო მარტი ჯექსონის ანგარიშზე 16 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ტაიშონ კროუფორდმა შეხვედრა 7 ქულით და 16 მოხსნით დაასრულა. გაუ-ში 16 ქულით თევის სმიტი გამოირჩა. 13 ქულა მიქაელ უგრეხელიძის ანგარიშზეა.
C ჯგუფის მე-3 წევრი ქუთაისი ისვენებდა, რომელიც 16 იანვარს, 12:30 საათზე მარგვეთს დაუპირისპირდება.