საქართველო 1:1 უკრაინა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო საშინაო მატჩი გამართა. უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ბათუმში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და 76-ე წუთზე ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ მეთხუთმეტე სანაკრებო გოლით გაათანაბრა.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს, სტუმრად, ოლომოუცში დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ჯგუფის გამარჯვებული გახდება.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა შეცდომის შედეგად გაშვებული გოლი ჩვენი თამაშის ხარისხზე უარყოფითად აისახა. მეორე ტაიმი ფეხბურთელებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი იყო, რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან ცვლილებაზე შემოსულმა ხუთივე ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლა. საბოლოოდ, ცოტა იმედგაცრუებულებიც ვართ, რადგან მეორე ტაიმიდან გამომდინარე მეტს ვიმსახურებდით. თუმცა, დავუშვით რამდენიმე უხეში შეცდომა, რაც ასეთ მაღალ დონეზე სირთულეებს ქმნის.
გაშვებული გოლი მენტალურად ძალიან რთული მისაღები იყო. თუმცა, ზოგჯერ, დადებითი რეაქციის გამოვლენას დრო სჭირდება. ეს პროცესია, ჩვენ ვსწავლობთ, რათა უფრო უკეთესები გავხდეთ და მივუახლოვდეთ უმაღლეს ევროპულ დონეს.
5 წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა, ახლა კი, B ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, შანსი გვაქვს A ლიგაში დავწინაურდეთ. ეს იმის მაჩვენებელია, რამდენად კარგად ვითარდება ჩვენი გუნდი. ერთა ლიგა ახალი ტურნირია, მაგრამ უფრო დიდი ისტორიაც რომ ჰქონდეს, სავარაუდოდ არ იარსებებდა გუნდი, რომელიც ასეთ მცირე დროში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდებოდა. რა თქმა უნდა, გვაქვს პირველობის ამბიცია, თუმცა, მთავარი ჩვენი დადებითი განვითარებაა, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო კარგად სრულდება და სწორ გზაზე ვართ. რა თქმა უნდა, ოლომოუცში, ჩეხეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ამბიციით წავალთ”.