თასის გათამაშების მეოთხედფინალს გაუ, ორბი და მარგვეთი დაემატნენ
საქართველოს თასის გათამაშების 5 მეოთხედფინალისტი ცნობილია. დღეს საუკეთესო რვეულში გასული კიდევ 3 გუნდი გამოვლინდა. ესენი არიან გაუ, ზესტაფონის მარგვეთი და ტყიბულის ორბი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდს იოლი ამოცანა ჰქონდა. დავით როგავას გაწვრთნილ გაუ-ს მერვედფინალური სერიის პირველ მატჩში “ა” ლიგის ბინადარი “ასტრალი” 34 ქულით ჰყავდა დამარცხებული. დღეს გამართულ საპასუხო მატჩში კი 3 ქულით იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩს უმეტესწილად ასტრალი იგებდა, თუმცა სავარაუდოდ დიდი ჰანდიკაპის გამო გაუ-მ შესაბამისი მობილიზება ვერ მოახერხა, რაც ბუნებრივია, თუმცა სუპერლიგის გუნდმა საბოლოოდ მაინც იმარჯვა – 99:96 (სტატისტიკა).
გაცილებით რთული ამოცანის წინაშე იდგა ტყიბულის ორბი, რომელმაც სერიის პირველი მატჩი თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან 76:80 წააგო. 4 ქულა ბევრი არაა, თუმცა არც მეტოქეა სუსტი – კავკასიამ ხომ რამდენიმე დღის წინ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი მოიგო.
ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ორბის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტყიბულში გუნდმა არაფერი არ დათმო. ტრადიციულად, მასპინძლები ძალიან მობილიზებულნი და საბრძოლველად შემართული იყვნენ, რაც ანგარიშის მიმდინარეობაზეც აისახა. ტყიბულელებმა პირველი პერიოდი 10 ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის ეს უპირატესობა შეინარჩუნეს და მეტოქეს მთავარი დარტყმა მესამე პერიოდში მიაყენეს. აღნიშნული მეოთხედი ორბმა 32:21 მოიგო, 21 ქულით დაწინაურდა და საბოლოო გამარჯვების მოპოვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.
საბოლოოდ ორბმა კავკასიას 86:70 (სტატისტიკა) მოუგო და მეოთხედფინალში დაჯდა, სადაც მეტოქეს დაელოდება. ტყიბულელთა მეტოქე ქუთაისისა და ვერას შორის უმჯობესი იქნება. ქუთაისს სერიის პირველი მატჩი 19 ქულით აქვს მოგებული და შაბათს “ვერას” საპასუხო მატჩში მასპინძლობს.
26 იანვარს გამოვლენილმა მე-3 მეოთხედფინალისტმა ბეწვის ხიდზე გაიარა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ზესტაფონის “მარგვეთი” რუსთავში მე-3 პერიოდში 20 ქულას აგებდა და განწირული ჩანდა. იმერულ კლუბს პირველი მატჩი 9 ქულით ჰქონდა მოგებული, მაგრამ წაგებასთან ახლოს იყო, რომ არა ბოლო პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვა. დასკვნითი 10-წუთეული ზესტაფონელებმა 27:11 მოიგეს და 9-ქულიან ბარიერს ჩამოსცდნენ. საბოლოოდ რუსთავმა 4 ქულით – 85:81 (სტატისტიკა) იმარჯვა, თუმცა ორი მატჩის ჯამში წაგებული გამოვიდა.
27 იანვარს თასის გათამაშების მეოთხედფინალის დარჩენილი 3 გუნდი გამოვლინდება. თსუ თსსუ-ს, ქუთაისი ვერას და გორიგ ივერიონი რაშს შეხვდება.