უკრაინა – საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში პოზნანში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. პოზნანში, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ჩვენი გუნდის მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უპასუხა.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „პოლონეთში მომზადება ფეხბურთელებისთვის უფრო კომფორტული იყო. ამან შეამცირა მგზავრობის დრო, რამაც დაზოგა მოთამაშეების ენერგია. გუნდში კარგი განწყობაა და ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან ხვალინდელ შეხვედრას.

წარუმატებელი მატჩების სერია არ ნიშნავს, რომ უკრაინა მომდევნო თამაშსაც აუცილებლად წააგებს. მეტოქე ძლიერი გუნდია და ბევრი ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს. რთული მატჩი გველის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი მოთამაშეები მზად არიან. რაც მთავარია, ფოკუსირებულები არიან საკუთარ დავალებაზე და ეს საუკეთესო გზაა მაღალი დონის თამაშის საჩვენებლად.

შეკრებით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებისგან იგივე მიდგომას, სურვილს, დისციპლინას და ატმოსფეროს ვგრძნობ. თუმცა, ფეხბურთი არ არის ზუსტი მეცნიერება. ვიცით, რომ მომავალში იქნება გამარჯვებებიც და მარცხიც და ეს ნორმალურია. მოთამაშეებმა იციან, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ შედეგი. მთავარია, რას აკეთებ მოედანზე და სწორედ კარგი თამაში გაძლევს მოგების უკეთესს შანსს. ბევრ რამეს ვერ ვაკონტროლებთ – მეტოქეს, მსაჯს, ამინდს ან მოედნის მდგომარეობას, თუმცა ვაკონტროლებთ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მოედანზე. ამიტომ, წარმატებისთვის საუკეთესო გზაა დავრჩეთ კონცენტრირებულები ჩვენ საქმეზე, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში გაცილებით მეტ დადებითს მოგვიტანს, ვიდრე უარყოფითს.

სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდის პოზიციაზე ბევრს არ ვფიქრობთ. წინ კიდევ ოთხი რთული მატჩია. როგორც ადრე ვთქვით, საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ოთხივე გუნდმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენი სამივე მეტოქე იქ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა, რაც აჩვენებს ამ ჯგუფის დონეს. ამიტომ, ამ ჯგუფში ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი, თუმცა სექტემბერში კარგი სტარტის შემდეგ, გვსურს, რომ ქულების დაგროვება გავაგრძელოთ, ბოლოს კი ვნახავთ, ვინ რომელ პოზიციაზე გავა”.

ოთარ კაკაბაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „სავსე სტადიონზე თამაშს მიჩვეულები ვართ. ბოლო პერიოდში ქართველი გულშემატკივრები გასვლით თამაშებზე მრავლად დადიან და სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე. შევეცდებით, რომ დასახული მიზანი ბოლომდე მივიყვანოთ და ქომაგები სახლში ბედნიერები დავაბრუნოთ.

უკვე მეოთხე წელია პოლონეთში ვთამაშობ, ამ სტადიონზეც ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული. პოლონეთში შევიკრიბეთ და მხოლოდ რამდენიმე საათი დამჭირდა აქ ჩამოსასვლელად. შესაბამისად, თავს ძალიან კარგად ვგრნობ”.

ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთეს ნაკრების ფეხბურთელებმა, გიორგი მამარდაშვილმა და გიორგი ქოჩორაშვილმა.

გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „მოახლოებულ მატჩებს ჯგუფის ლიდერის სტატუსით ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ. მაგრამ, პროგრესი მუდმივია, არასდროს უნდა შევჩერდეთ და საჭიროა, რომ წინსვლა გავაგრძელოთ.

დიდად არ მიყვარს მეტოქეებზე საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია, თუმცა ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია. ძალას გვაძლევს ის ერთიანობა, არა მხოლოდ იმ 23 მოთამაშის, რომლებიც დღეს აქ ვართ, არამედ მთელი ქვეყნის.

ძალიან სასიამოვნო იყო გოლების გატანა, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვაჩვენოთ ერთმანეთს და მომავალ თაობას, რომელიც გვიყურებს, ის ძალა და ერთიანობა, რათა ისწავლონ, რომ ამით ბევრის მიღწევა შეგვიძლია“.

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს”.

უკრაინა – საქართველოს მატჩი პოზნანის ედნა სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.