ბათუმელებმა თელაველებს მოუგეს, დილა-ტორპედო ფრედ დასრულდა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. დინამო ბათუმმა თელავს მოუგო, ხოლო ზედა სამეულისგუნდების დაპირისპირება ფრედ დასრულდა: გორის დილამ და ქუთაისის ტორპედომ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
მოკლედ, დღეს ჯამში სამი გოლი გავიდა და სამივე უცხოელებმა გაიტანეს.
დილა 1:1 ტორპედო
მთავარმა მეგოლეებმა გაიტანეს. ჯერ ტორპედოელმა ბიორნ იონსენმა საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში დაარტყა და სეზონში 21-ე ბურთი მიითვალა – 0:1.
70-ე წუთზე გაათანაბრა დილამ: ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით. ეს ვაუტერის მე-17 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ბომბარდირებში პირველზე სწორედ იონსენია და მეორეზე – ვაუტერი.
ტორპედო მეორე ადგილზეა, სამი ქულით ჩამორჩება იბერია 1999-ს და ორი ქულით უსწრებს დილას.
დინამო ბთ 1:0 თელავი
ბათუმელებმა ანგოლელი მარიო ბალბურდიას გოლით მოუგო ბოლოსწინაადგილოსან თელავს. ბალბურდიამ დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დაარტყა და ბურთი ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში. სხვათა შორის, ანგოლელს მეხუთე გოლი მოუგროვდა მოკლე პერიოდში.
მომენტები კიდევ იყო, თუმცა გოლი აღარ გასულა.
დინამო ბათუმი მეოთხე ადგილზეა. ისე, გუნდმა ბოლო ტურებში მოუმატა, გიორგი ჭიაბრიშვილის მწვრთნელობით სამ შეხვედრაში შვიდი ქულა აიღო.