თორნიკე შენგელიამ ვირტუსი ნახევარფინალში გაიყვანა

Tornik’e Shengelia, Achille Polonara Segafredo Virtus Bologna - Umana Reyer Venezia LBA Legabasket Serie A Unipol 2024-2025 Playoff - Quarti di Finale - Gara 5 Bologna, 27/05/2025 Foto B.Costantini / Ciamillo-Castoria

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რაშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უდიდესი როლი ითამაშა.

ქართველი კალათბურთელი ვენეციასთან მეოთხედფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს ტრავმირებული შეხვდა და მისი მოედანზე გასვლის შანსი ძალიან მცირე იყო, თუმცა, როდესაც ვირტუსს გაუჭირდა, ის მოედანზე გავიდა და თამაში “მოატრიალა”.

დუშკო ივანოვიჩის გუნდი მეტოქეს ბოლო მეოთხედში 9 ქულით ჩამორჩა, რა დროსაც მწვრთნელმა წაგების რეალური საფრთხე იგრძნო და თოკის თამაშში ჩართვა გადაწყვიტა. ქართველი მძიმე ფორვარდი მოედანზე შეტევის დროს ჩნდებოდა, დაცვისას კი ვირტუსს სხვა ხუთეული ჰყავდა.

ისე გამოვიდა, რომ მატჩის ბოლოსკენ შენგელიამ სულ 3 წუთი ითამაშა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მოასწრო. მან ორქულიანით საბოლოო ანგარიში (86:84) დააფიქსირა, მანამდე კი, 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 7 ქულას 1 შედეგიანი პასი წაამატა. ამას გარდა, მეტოქეების მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ. მოკლედ, შეხვედრის გადამწყვეტ მომენტში მოედანზე მთავარი ფიგურა სწორედ თორნიკე იყო.

“შენგელიას გმირობა! ბარსელონას მომავალმა მოთამაშე ვენეციასთან ბოლო წუთებში გამოჩნდა, რათა ვირტუსი კატასტროფისგან ეხსნა. ბოლონიელები წაგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა, თოკომ მეტოქეს ფაქტობრივად მარტომ მოუგო”, – დაწერა ესპანურმა Mundo Deportivo-მ.

სერიის მე-5 მატჩის მოგებაში დიდი როლი ითამაშა დანიელ ჰეკეტმაც. მისი მონაგარი 21 ქულა იყო. მეტ მორგანმა 14 ქულა მიითვალა, ალესანდრო პაიოლამ კი – 12. ვენეციელთაგან ჯორდან პარკსი (18), ტაილერ ენისი (16) და მფიონდუ კაბენგელე (11) გამოირჩნენ.

ნახევარფინალურ სერიაში ბოლონიელთა მეტოქე მილანი იქნება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი ტრაპანი და ბრეშა იბრძოლებენ. იტალიის მოქმედი ჩემპიონია მილანია, რომელმაც შარშანდელი სეზონის ფინალურ სერიაში ბოლონიას 3:1 სძლია.