შერმადინის 17 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა | ტენერიფე მეოთხედფინალში ხუვენტუდს შეხვდება

ესპანეთში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო, 34-ე ტურში დაკარგა მე-2 ადგილი ტენერიფემ, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს. ტენერიფე სტუმრად მანრესას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 83:86 წააგო. ტენერიფელებს რომ მოეგოთ, რეგულარულს მე-2 ადგილზე დაასრულებდნენ, ეს კი იმაში აწყობდათ, რომ თუკი ნახევარფინალში ტენერიფეც გავა და მეორეზე გასული ვალენსიაც, სერიაში მოედნის უპირატესობა შერმადინის გუნდს ექნებოდა.
თუმცა ასე არ მოდა, ტენერიფე დამარცხდა და მე-2 ადგილზე ვალენსია გავიდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 27:56 წუთი გაატარა და 17 ქულა და 8 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გიორგი სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ეს ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. პლეი ოფში ბრძოლას 8 საუკეთესო გუნდი აგრძელებს მეოთხედფინალური სერია 3 მოგებამდეა და ტენერიფეს მეტოქე ხუვენტუდი იქნება, რომელმაც ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა.
სერიის პირველ მატჩს ტენერიფე 2 ივნისს უმასპინძლებს.