შენგელიას გამარჯვების ბურთი, MVP-ის ტიტული და ნახევარფინალურ სერიაში ვირტუსი დაწინაურდა

თორნიკე შენგელიას მორიგი სუპერმატჩი იტალიის სერია A-ს პლეი ოფში. ზედიზედ მეორედ, ქართველი ფორვარდის ჩაგდებული ბურთით ბოლონიურმა კლუბმა გამარჯვება მოიპოვა. წინა მატჩში სულაც შენგელიამ ვირტუსი გადაარჩინა, როცა “ვენეციასთან” მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში მოედანზე ტრავმირებული ბოლო წუთებზე გამოჩნდა და გამარჯვების ბურთი მიითვალა. დღეს კი შენგელიამ ნახევარფინალური სერიის გახსნის მატჩში ოლიმპია მილანოს საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე გამარჯვების ორიანი ჩაუგდო – 68:67.

შენგელიამ მთლიანობაში 20 წუთი ითამაშა და 18 ქულა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა შესაშური მიზანი გამოავლინა და მთლიანობაში მხოლოდ ერთი ორქულიანი ააცილა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

საბოლოოდ შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23 შეადგინა და ის ამ შედეგით მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. შესაბამისად, თორო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი დამსახურებით ვირტუსი ჯერ პლეი ოფში დარჩა და ახლა უკვე ნახევარფინალურ სერიას 1:0 იგებს. მომდევნო მატჩი კვლავ ბოლონიაში – 2 ივნისს გაიმართება.