საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიას 14 კალათბურთელით ესტუმრება
საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიაში მიემგზავრება. 20 თებერვალს, დილის 05:00 საათზე ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები 12 კალათბურთელით დანიაში გაფრინდება, სადაც 2 მოთამაშე – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე შეუერთდება. რაც შეეხება იმ 12 კალათბურთელს, რომელიც დანიასთან, 23 თებერვლის მატჩის განაცხადში იქნება, მთავარი მწვრთნელი 22 თებერვალს დაასახელებს.
საქართველოს ნაკრები დანიაში სოლიდური დანაკლისით მიემგზავრება. მოგეხსენებათ, ალექსანდრე მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებიან, ისევე როგორც ნბა-ს ყველა ევროპელი მოთამაშე თავის ნაკრებს. თუმცა ჩვენს ნაკრებს კიდევ 2 მოთამაშე ტრავმის გამო აკლია – თბილისურ შეკრებაზე იყვნენ, მაგრამ სათამაშო კონდიციაში არყოფნის გამო ნაკრებს დანიაში ვერ გაჰყვნენ დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი.
ეროვნულ ნაკრებში დაგეგმილზე ადგე ჩამოვიდა და 2 ვარჯიში ჩაატარა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომლის გუნდიც იტალიის თასის გათამაშების პირველ წრეში მოულოდნელად დამარცხდა და კაპიტანიც დაუყოვნებლივ ეროვნულ გუნდში გამოემგზავრა. გუშინვე ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში იყო ჩვენი ნაკრების ახალწვეული ამერიკელი, ჯოზეფ (ჯო) ტომასონი, რომელიც ევროლიგის კლუბ ‘მაკაბიში’ გადავიდა, თუმცა ამას მისთვის საქართველოში ჩამოსვლაში ხელი დიდად არ შეუშლია. ტომასონმა მაკაბიში სადებიუტო მატჩი 14 თებერვალს ითამაშა და ორ დღეში საქართველოში გამოემგზავრა. მან ჩვენს ეროვნულ გუნდში 18 და 19 თებერვალს სრულფასოვანი ვარჯიშები ჩაატარა.
ალეკსანდარ ჯიკიჩს სამწვრთნელო შტაბში ჰყავს ანატოლი ბოისა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი ჩვენს ნაკრებს დანიაში, მონაკოდან შეუერთდება, სადაც, მოგეხსენებათ, ევროლიგის ამავე სახელწოდების კლუბში მთავარი მწვრთნელის, საშა ობრადოვიჩის ასისტენტია. საქართველოს ნაკრები დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩაფრინდება, საიდანაც ავტობუსით 40 კილომეტრში მდებარე პროვინციულ ქალაქ ნესტვედში ჩავა. მატჩიც ნესტვედში, 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
gbf.ge