ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის 88-ე წუთზე მაიკო ბებიამ, 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა.

ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.

ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ლიეტუვას უკვე მეოთხედ ვხვდებით და მათთან წაგების და ფრედ თამაშის გამოცდილება გვქონდა. მიხარია, რომ ამჯერად მოგება შევძელით. ვინც მატჩს უყურა, იამაყებდა ჩვენი ნაკრებით. მატჩი არასახარბიელოდ დავიწყეთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მატჩის მეორე ნახევარში, ფეხბურთელები მოედანზე გამარჯვებისთვის გავიდნენ.

ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელების და არ მეგულება ისეთი ნაკრები, რომელიც მათზე მეტად იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. მათ ამ წარმატებაში დიდი შრომა ჩადეს.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ჩვენ მატჩებს მუდმივად ესწრება. მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით და მიხარია, რომ ეს შევძელით.

ყველაფერი წინ არის, ნაკრებში ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მხარდაჭერა sჭირდება. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს გვერდით დგას და ფეხბურთელებს მხარს უჭერს. მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ”.