იბერია 1999-მა, დინამო ბათუმმა და სამგურალმა გაიმარჯვეს, გარეჯი-ტორპედო ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეცხრე ტური და შესაბამისად, პირველი წრეც დასრულდა. დღეს ოთხი მატჩი გაიმართა. იბერია 1999-მა და დინამო ბათუმმა გამარჯვებების სერია გააგრძელეს. სამგურალმა 7:0 მოუგო თელავს, ხოლო გარეჯი-ტორპედო ფრედ დასრულდა.
გაგრა 0:1 იბერია 1999
მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მოიგო და ლიდერად დარჩა. იბერიელებიდან ეს ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. სიხარულიძემ გიზო მამაგეიშვილის დაბალი პასი გამოიყენა და დასწრებაზე ერთი შეეხებით გადაგზავნა ბურთი კარში.
ეს სიხარულიძის 126-ე გოლია საქართველოს ჩემპიონატის მთავარ ლიგაში. ამ მაჩვენებლით ახლა მეოთხე-მეხუთე ადგილზეა გია მეგრელაძესთან ერთად.
გაგრას რაც შეეხება, წინა ორი თამაში მოგებული ჰქონდა. გუნდი ახლა მეექვსე ადგილზეა.
კოლხეთი 1913 0:2 დინამო ბთ
იბერია 1999-ის მსგავსად, ბათუმელებმაც წაუგებლად ჩაატარეს წრე. ამჯერად კი ზღვისპირულ დერბიში ფოთელებს აჯობეს.
27-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს წულუკიძის მესამე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ვნახეთ, კერძოდ, ესპანელმა ჯალენ ბლესამ გაიტანა. ბლესას მეოთხე გოლი სეზონში. ბათუმელებს 21 ქულა აქვთ და მეორე პოზიციაზე არიან, კოლხეთი 1913 კი ბოლოზეა.
სამგურალი 7:0 თელავი
წყალტუბოელებს 16 მარტის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული. ზედიზედ 5 ტური.
ამჯერად კი ცუდი სერია თელავთან შეწყვიტეს და 7:0 გაიმარჯვეს. ეს ყველაზე დიდი სხვაობაა მიმდინარე სეზონში.
ჟან კარლოსის ძლიერი დარტყმით გავიდა პირველი გოლი… ბრაზილიელმა წინა ტურშიც გაიტანა.
მეორე ბურთი მარცხენაფლანგელმა ლაშა შერგელაშვილმა მიითვალა, მესამე კი – დავით მუჯირმა კარგი კომბინაციის შემდეგ.
მეოთხე გოლი: დემურ ჩიხლაძის მშვენიერი პასი, შემდეგ მუჯირის ასევე კარგი მოქმედება და ლუკა ხორხელის შესრულება. ლუკამ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.
პირველი ტაიმის ბოლოს ხორხელმა პენალტი გაიტანა და 5:0.
59-ე წუთზე სამგურალის კონტრშეტევა კიდევ ერთი გოლით დამთავრდა. დავით მუჯირმა ქუსლით დაუტოვა ბურთი დემურ ჩიხლაძეს და მანაც ტექნიკური დარტყმით 6:0 გახადა ანგარიში. მუჯირის სამი საგოლე პასი…
მეშვიდე ბურთი კი ირაკლი ჯანჯღავამ გაიტანა. 7:0.
გარეჯი 1:1 ტორპედო
საგარეჯოს გარეჯს ზედიზედ ხუთი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, ამჯერად კი ქულა აიღო. გარეჯის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა გიორგი მიქაძეს.
კახური გუნდი სწრაფი გოლით უგებდა ქუთაისის ტორპედოს. ფრანსუა ეკონგოლომ გაიტანა ახლო მანძილიდან, დასწრებაზე. პასი ბადრი გოგობერიშვილისა იყო.
საგარეჯოელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ცოტნე ფაცაციამ კუთხური ჩააწოდა და სოლომონ კვერკველიამ თავურით გაათანაბრა. საბოლოოდ, 1:1.
ტორპედო მერვე ადგილზეა, გარეჯი კი – მეცხრეზე.